ბოლნისისა და მარნეულის მოსახლეობა, ამ ეტაპისთვის სრულად არის ინფორმირებული  

“მარნეულსა და ბოლნისში, ამ დროისათვის, სიტუაცია არის მშვიდი. მინდა, ამ მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ჩვენ მოქალაქეებს, მთავრობის სახელით, მადლობა გადავუხადო” – ეს განცხადება პრემიერ-მინისტრის პრეს-სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა გააკეთა. მისივე ინფორმაციით,  ადგილობრივი მოსახლეობა სრულად არის ინფორმირებული.

„48 საათია, რაც საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა  მარნეულსა და ბოლნისში. თავიდან იყო გარკვეული სირთულეები, რომელიც დაკავშირებული იყო მოსახლეობის ინფორმირებულობასთან დაკავშირებით, თუმცა ეს ყველაფერი დღეს არის აღმოფხვრილი. ძალიან ეფექტურად იმუშავეს, როგორც სამართალდამცველებმა, ისე სამხედროებმა. სრულად არის უზრუნველყოფილი იზოლაცია და ასევე, მოქალაქეები და საზოგადოება სრულადაა ინფორმირებული, სიტუაცია ორივე მუნიციპალიტეტში არის მშვიდი. ჩვენი მოქალაქეები მშვიდად ეპყრობიან იმ ვითარებას, რაც დღეს მარნეულსა და ბოლნისშია და მინდა, მათ მთავრობის სახელით მადლობა გადავუხადო, ვინაიდან, ეს შეზღუდვები და ზომები არის აუცილებელი თითოეული მათგანისა და მთელ საქართველოს მოსახლეობისთვის,“- აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

მანვე, ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსული ინფექციის სტატისტიკაზე ისაუბრა.

„დღეს ქვეყანაში 73 ადამიანია კორონავირუსით ინფიცირებული, აქედან 10 ადამიანი გამოჯანმრთელდა,  258 იმყოფება სტაციონარში ზედამხედველობის ქვეშ და 4000-ზე მეტი ადამიანი არის საკარანტინო რეჟიმში,“- განაცხადა პრემიერის პრეს-სპიკერმა.

მსგავსი თემები