“ბოკოვის თანამზრახველები შესაძლოა, საქართველოს მოქალაქეებიც იყვნენ” – ნიკა გვარამია

ტელეკომპანია „მთავარის“ ხელმძღვანელი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ინფორმაცია ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ სუს-ის მაღალი თანამდებობის პირისგან მიიღო.

როგორც ნიკა გვარამიამ აღნიშნა, მიღებული ინფორმაციის თაობაზე სუს-ს ვერაფერს ეტყოდა, რადგან ინფორმაცია არ იყო დაზუსტებული და ბოლომდე სარწმუნო.

„ინფორმაცია მივიღე ცხადია, არაოფიციალურად მაღალი თანამდებობის პირისგან. ინფორმაციებს სხვადასხვა ტიპის დანაშაულების შესახებ სუს-ის წყაროებიდან ვიღებთ ძალიან ბევრს. მიმდინარეობს მათი გადამოწმებაც და სუს-სვე არ ვატყობინებთ რამდენად მართალია თუ არა, დაგვიდასტურე-თქო. სპეცოპერაციის ჩატარებამდე რამდენიმე კვირით ადრე ვფლობდი ინფორმაციას, მაგრამ ზუსტ თარიღს ვერ ვიტყვი“, – განახცადა ნიკა გვარამიამ.

კითხვაზე ჰყავს თუ არა სუს-ის მიერ დაკავებულ რუსეთის მოქალაქეს ვასამბეკ ბოკოვს თანამზრახველი, ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, ბოკოვი არ არის ქილერი.

„ჩემი წყაროს ინფორმაციით, ბოკოვი არ არის ქილერი, ბოკოვი არის მარშრუტის შემსწავლელი ჯგუფის წევრი. შესაბამისად, თანამზრახველი მას აუცილებლად ეყოლება. მე რა ინფორმაციასაც ვფლობდი, მივაწოდე საგამოძიებო ორგანოებს, მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით. ჩემი ინფორმაციით, მიმდინარეობდა დიდი ხნის განმავლობაში გაბუნიას მარშრუტის შესწავლა. ერთი ადამიანის თუ რამდენიმე ადამიანის მიერ, ეს არ ვიცი. თანამზრახველები, შესაძლოა, საქართველოს მოქალაქეებიც იყვნენ, არ ვიცი“, – განაცხადა გვარამიამ.

მსგავსი თემები