ბოთლიყლაპია აპარატების იდეა პირველად თბილისში განხორციელდება  

თბილისის ქუჩებში ბოთლიყლაპია აპარატები განთავსდება. იდეა, რომელიც თბილისის მერიას მოქალაქემ მიაწოდა, მხარდაჭერილია.
​​როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ეს პროექტი თანხვედრაშია, თბილისის მთავრობის მიერ შემუშავებულ ნარჩენების მართვის სტრატეგიასთან, რასაც საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ავალდებულებს. თავად პროექტი კი კერძო სექტორთან თანამშრომლობით განხორციელდება.

კალაძის ინფორმაციით, პოლიეთილენის ბოთლების შემგროვებელი – ბოთლიყლაპია აპარატების იდეა, პროექტ “შენი იდეა თბილისის მერის” ფარგლებში, მოქალაქე კუკური ბარამიძემ წარადგინა.

“დავიწყეთ ამ იდეაზე მუშაობა და მისი განხორციელება. გვინდა, რომ კერძო სექტორთან თანამშრომლობით, ვისაც გადამუშავებაში ჩართვის სურვილი ექნება, თბილისის მასშტაბით ყველა გამგეობაში უზრუნველვყოთ შემგროვებელი აპარატების დამონტაჟება. მგონია, რომ საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტია”, – განაცხადა კალაძემ.

ბოთლიყლაპია აპარატების საქართველოში განთავსების იდეის ავტორი, კუკური ბარამიძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული პროექტი ერთდროულად ორი მწვავე პრობლემის – ქუჩების დაბინძურებისა და მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით იქნება მნიშვნელოვანი.
მისი აზრით, აუცილებელია აშენდეს პლასტმასის გადამამაუშავებელი ქარხანა, სადაც გამოყენებული პლასტმასი ხელმეორედ გადამუშავდება. ეს კი სარგებელს მოუტანს, როგორც ბუნებას, ასევე, საქართველოში არსებულ სასმელების მწარმოებელ ქარხნებს, რომელთაც პლასტმასის უცხოეთიდან ტრანსპორტირება აღარ მოუწევთ და საქართველოში წარმოებულ გასაბერ ბოთლებს შეიძენენ.

რაც შეეხება ეკონომიკურ ფაქტორს, იდეის ავტორი მიიჩნევს, რომ წინასწარ უნდა განისაზღვროს ბოთლის ჩაბარების ღირებულება და თითოეულ მსურველს პლასტმასის ბოთლით ნაყიდი პროდუქტის სრული ღირებულებიდან გარკვეული თანხის დაზოგვა შეეძლება.

მსგავსი თემები