ბიძის მიერ მოკლული ბავშვის საქმეში მარიხუანა ფიგურირებს – მკვლელს ჰალუცინაციებიც ჰქონდა

29 წლის მამაკაცი, რომელმაც საკუთარი გაზრდილი, 13 წლის ძმის შვილი მოკლა, ადეკვატურია, ყველა კითხვაზე გააზრებულად პასუხობს, სახლში ხშირად რეკავს და ყველა თემაზე საუბრობს, თუმცა, როცა მოკლული ბავშვს უხსენებენ, ტელეფონს თიშავს.

როგორც ბიძის მიერ მოკლული გოგიტა ირემაძის ბებია „მედიაცენტრ მთავარს“ უყვება, ის შვილს არც ელაპარაკებოდა არც მისი დანახვა უნდოდა. მხოლოდ ერთხელ შეხვდა და ისიც იმიტომ, რომ თვალებში ჩაეხედა და მიეღო კითხვაზე პასუხი რატომ გააკეთა ეს.

„ჩემი შვილი ციხიდან ყოველ დღე გვირეკავს სახლში. მეუღლეს ელაპარაკება. მე არ ველაპარაკებოდი. ლაპარაკობს ჩვეულებრივ ყველაფერზე, ყველა კითხვას სცემს პასუხს და ადეკვატურია. როცა მოკლულ ბავშვზე ველაპარაკები, არ მელაპარაკება და ტელეფონს მითიშავს. ექიმმა მითხრა, აღთქმის უნარი არ აქვს-ო, ვერ იაზრებს რა გააკეთაო. სიკვდილი რა არის, ამას ვერ იაზრებს. ვლაპარაკობთ ჩვეულებრივ, გვკითხულობს ყველას, ყველა ახსოვს. ციხეში ერთხელ ვნახე. მინდოდა თვალებში ჩამეხედა და მეკითხა რა მოხრა, რატომ მოხდა. მკითხა რა გავაკეთე-ო. მოკლულ ბავშვსაც კითხულობს, რომელიც თითქმის მისი გაზრდილია და საკუთარ შვილსაც, ორივეს სურათს ითხოვს. შეიძლება, არც უნდა ამ დღის გახსენება“ – აღნიშნა მკვლელის დედამ და მოკლულის ბებიამ „მედიაცენტრ მთავარში“.

ირემაძეების ოჯახში, ბავშვის დაღუპვის შემთხვევა მეორეა. ადრე, 3 წლის ბავშვი დამწვრობით გარდაეცვალათ. როგორც მოკლული გოგიტა ირემაძის ბებია, ინგა ირემაძე ამბობს, მისი შვილი ეპილეფსიით იყო დაავადებული. 6 წლიდან კი ფსიქიატრიულ კლინიკაში იყო აღრიცხვაზე: „ის ეპილეფსიით დაავადებული იყო. 6 წლიდან აღრიცხვაზე იყო ფსიქიატრიულში და სრულწლოვანი რომ გახდა თავად შეწყვიტა მკურნალობა. როგორ შეიძლება, ასეთი პაციენტის მიღებაზე უარი ეთქვათ. ის რმ კლინიკაში დაეწვინათ და შესაბამისი მომსახურება გაეწიათ, დღეს ჩემი შვილიშვილი ცოცხალი იქნებოდა“.

ვალერიან ირემაძე, ბავშვის მკვლელობამდე ჩვეულებრივი ადამიანი იყო როგორც ქცევებით, ისე სხვა მხრივ, როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, მას, მკვლელობამდე ბოლო 1 კვირის განმავლობაში ჰქონდა ჰალუცინაციები და რაღაცეები ეჩვენებოდა. ის, კვლელობამდე, ოჯახის წევრებთან ერთად, მათ შორის, მოკლულ ბავშვთან ერთად ცხოვრობდა და არავისთვის არასდროს არაფერი დაუშავებია. ერთ-ერთი ინფორმაციით, ის სინთეტური ნარკოტიკების მომხმარებელი იყო და არ გამოირიცხება, დანაშაულიც სწორედ ამ ფონზე ჩაიდინა.

„მედიაცენტრი მთავარის“ კითხვას, მოიხმარდა თუ არა ვალერიან ირემაძე ნარკოტიკებს, დედამ, ინგა ირემაძემ ნემსების მოხმარება გამორიცხა. ინგა ირემაძე: „ჩემი შვილი არ იკეთებდა ნემსებს, ამაში დარწმუნებული ვარ. მას მერე, რაც ლეგალიზებული გახდა ეს მარიხუანა და დიდი შეცდომა იყო დაშვებული, შეიძლება ეწეოდნენ, მე ამას ვერ დავადასტურებ და ვერც უარვყოფ, მაგრამ ის ვიცი, რომ ნემსს არაფერს გაიკეთებდა ჩემი შვილი. ფსიქოტროპულ წამლებს ჩემი შვილი 6 წლიდან იღებდა. იყო ეპილეფსიანი და 6 წლიდან იყო აღრიცხული ფსიქიატრიულში. არ ვამტკიცებ არაფერს, შეიძლება, მართლაც ჰქონდა რაღაც მოწეული. ბოლო 1 კვირის განმავლობაში რაღაცეები ეჩვენებოდა და შვილიშვილს (მოკლულს) ვუთხარი არ დარჩე, არ შეგაშინოს სახლში დაბრუნდი-თქო, მაგრამ, არ დამიჯერა და ეს ტრაგედიაც მოხდა“.

ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში, სადაც მკვლელობამდე ვლადიმერ ირემაძე იყო მისული, გვითხრეს, რომ გასაუბრებისას, მან მარიხუანას მოხმარება დაადასტურა: „კატეგორიულად უარყოფდა რაიმე სახის ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მოხმარებას, თუ არ ჩავთვლით მარიხუანის მოხმარებას, რასაც ის ნარკოტიკულ საშუალებად არ მიიჩნევდა და ამბობდა, რომ პერიოდულად მოიხმარდა მას. ექიმთან კონსულტაციის დროს კი კატეგორიულ უარს ამბობდა ნარკოლოგიურ დახმარებაზე“ – განუცხადეს „მედიაცენტრ მთავარს“.

შეგახსენებთ, რომ მოკლული 13 წლის ბავშვის ოჯახის წევრებმა, რომლებიც ამავდროულად მკვლელის ოჯახის წევრებიც არიან, „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენცია გამართეს. ისინი დანაშაულში ექიმებს იმ მიზეზით ადანაშაულებენ, რომ არაადეკვატურ პაციენტს შესაბამისი დახმარება არ გაუწიეს. ასევე ითხოვენ იმ პოლიციელების დასჯას რომლებიც მკვლელობის დღეს შემთხვევის ადგილზე იყვნენ თუმცა, მათივე განცხადებით, ბავშვის გადასარჩენად სათანადოდ არ იმოქმედეს.

მსგავსი თემები