„ბიძინა – შენების ლიდერი, მიშა – ნგრევის ლიდერი“ – სიმონ ნოზაძე

ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე ოპოზიციის მხრიდან ჩადენილ დანაშაულზე საუბრობს და აცხადებს, რომ მათ, დესტრუქციულმა ქმედებებმა მხარდამჭერები დააკარგვინა.

კითხვაზე, თქვენი გააკეთეთ განცხადება, რომ კანონპროექტის ჩავარდნის შემთხვევაში, ქუჩაში პროტესტის გამოსახატად „მრეწველებიც“ გამოვიდოდნენ, თუმცა, პროტესტი არ გამოგიხატავთ, დეპუტატმა ასე უპასუხა:    

„შეიძლება, პროტესტის ეს ფორმა ჩვენც გამოგვეყენებინა, მაგრამ პროტესტს გამოვხატავდით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს საზოგადოებრივი პროტესტი იქნებოდა. აქცია, რომელიც დაინიშნა,  კანონდარღვევით მიმდინარეობდა. სახეზე გვქონდა ადმინისტრაციული დანაშული. დანაშაულის მონაწილე მე ვერ გავხდებოდი. მით უმეტეს, როდესაც დაიწყო სტრატეგიული ობიექტის პიკეტირება. ამიტომ მოხდა, რომ ყველა პოლიტიკური ძალა გაერიდა ამ აქციას და დარჩა მხოლოდ „ნაციონალების“ ორივე ფრთის წარმომადგენელი. პროტესტის შინაგანი განცდა, რა თქმა უნდა, მაქვს. ოპოზიციას გუშინდელმა ქცევამ ბევრი ხალხი დააკარგვინა. ეს მოვლენები არც „ქართული ოცნების“ წისქვილზე ასხამდა წყალს, ვგულისხმობ კანონპროექტის ჩაგდებას“ – განაცხადა სიმონ ნოზაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე შეფასებით, მართალია, საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის ჩაგდებამ „ქართული ოცნების“ იმიჯი დააზარალა, თუმცა,  როდესაც ადამიანი ხმის მისაცემად მიდის, სხვა მოტივაციით მოქმედებს.

„როდესაც ადამიანი საარჩევნო კაბინაში შედის, იქ სხვა მოტივაცია ირთვება. ადამიანი ფიქრობს თავის მომავალზე. კი ბატონო, ბევრ რამეში, არც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ გაუმართლა, მაგრამ, როდესაც მთლიანად სიტუაციას აფასებს, აშკარად „ქართული ოცნება“ უფრო არის შენების, სტაბილიზაციის და დემოკრატიის პარტია, ვიდრე მისი მთავარი მოწინააღმდეგე. რეალობა ეს არის, ბიძინა არის შენების ლიდერი, მიშა კი ნგრევის ლიდერი“ – განაცხადა სიმონ ნოზაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“  

მსგავსი თემები