“ბიძინა ივანიშვილმა ფრაქციის კენჭისყრაში მონაწილეობას აცილება მისცა” – ზაქარია ქუცნაშვილი 

საპარლამენტო უმრავლესობაში, ფრაქციის სხდომაზე ეკა ბესელიას გარიცხვის საკითხის განხილვას არ ადასტურებენ. დეპუტატების განცხადებით, საუბარი იყო გედევან ფოფხაძის კანდიდატურის იურიდიული კომიტეტიდან გაწვევაზე და ამ გადაწყვეტილების ორ კონკრეტულ მიზეზს ასახელებენ.

“ის საკითხი, რაც ფრაქციაზე არ დამდგარა, წინასწარ არ შეიძლება განხილვის საგნად იქცეს.  გამოხატვის თავისუფლება დაცულია აზრის იძულებით გამოხატვისგან. მედიას არ აქვს უფლება, აიძულოს რესპონდენტი აზრი გამოხატოს. ფრაქციის სხდომაზე ძირითადად პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ისაუბრა და მანვე დაასახელა ორი მიზეზი, რის გამოც გედევან ფოფხაძის კომიტეტიდან გაწვევა გადაწყდა. ერთი მიზეზია, მისი არჩევის დროს დაშვებული პროცედურული დარღვევა, მეორე მიზეზად პარლამენტის თავმჯდომარემ პოლიტიკური საკითხი დაასახელა. კერძოდ, გედევან ფოფხაძის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე არჩევა შეუთანხმებელი იყო უმრავლესობასთან და ფრაქციასთან“, – განუცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა ჟურნალისტებს.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის პოზიციას, როგორც ქუცნაშვილმა განმარტა, ივანიშვილს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია: „ბატონმა ბიძინამ საკითხში მონაწილეობას აცილება მისცა. მან უარი თქვა ფრაქციის მუშაობაში მონაწილეობაზე. მან, როგორც პარტიის თავმჯდომარემ, თავი შეიკავა კენჭისყრაში მონაწილეობისგან, რადგან ის არ გახლავთ ფრაქციის წევრი“.

​ქუცნაშვილის განმარტებით, კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომაზე პარლამენტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას, რამდენიმე თვის წინ შეუთანხმდა.

„როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ბრძანა, ეს საკითხი ეკა ბესელიასთან მას ჯერ კიდევ აგვისტოში ჰქონდა შეთანხმებული. რადგან ეკა ბესელია ამ შეხვედრას არ ესწრებოდა, ყველამ მოვითხოვეთ, ეს საკითხი მისი თანდასწრებით განხილულიყო“, – განუცხადა ქუცნაშვილმა ჟურნალისტებს.

მსგავსი თემები