ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს გუნდის ერთიანობის შესანარჩუნებლად – კახა კალაძე


თბილისის მერი კახა კალაძე, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრებში პირადად მონაწილეობისთვის მადლობას უხდის და აცხადებს, რომ გუნდის გასაერთიანებლად ის ყველაფერს აკეთებს.

როგორც კალაძემ განაცხადა, შეხვედრაზე ყველა იმ პრობლემურ საკითხზე მსჯელობენ, რომელიც ბოლო პერიოდში გუნდის შიგნით დაგროვდა.

„იყო აზრთა სხვადასხვაობა კონკრეტულ საკითხებზე, იყო ისეთი განცხადებები თანაგუნდელების მიმართ, როგორიც ნამდვილად არ არის მისაღები და სასურველი. მსჯელობა მიმდინარეობს ყველა პრობლემურ საკითხზე. მივესალმები ამ შეხვედრას. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს, რადგან მისი როლიც მნიშვნელოვანია, რათა პარლამენტში იყოს ერთსულოვნება, ერთიანი მიდგომები. ჩვენ შეიძლება, სხვადასხვა საკითხზე გვქონდეს განსხვავებული მოსაზრებები და ეს ნორმალურიც არის, ყველა ერთ აზრზე ვერ ვიქნებით, მაგრამ მსჯელობა უნდა იყოს გუნდის შიგნით. ასე რომ, მადლობა ბატონ ბიძინას და ბატონ ირაკლის ამ ჩართულობისთვის. ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ერთობა და ერთსულოვნება შენარჩუნებული იყოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები