ბიძინა ივანიშვილი უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფს შეხვდა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფს შეხვდა.

როგორც “ქართული ოცნების” ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრის მთავარი მიზანია ინდივიდუალურად ყველა დეპუტატს მიეცეს შესაძლებლობა, გამოხატოს და განიხილოს საკუთარი მოსაზრებები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით.

“ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა,  მიღებული იქნა გადაწყვეტილება და დაიგეგმა თავმჯდომარის შეხვედრები დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან.

შეხვედრების მიზანია, ინდივიდუალურად ყველას მიეცეს შესაძლებლობა, გამოხატოს და განიხილოს საკუთარი მოსაზრებები სხვადასხვა საკითხზე.

თემის აქტულობიდან გამომდინარე, პირველად თავმჯდომარე სწორედ იმ ჯგუფს შეხვდა, რომელმაც განსხვავებული პოზიცია გამოხატა “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით”, – ნათქვამია მმართველი პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პარტიის თავმჯდომარის თემატური შეხვედრები უმრავლესობის წევრებთან, მცირე ჯგუფების ფორმატში, კვლავაც  გაგრძელდება. მომდევნო შეხვედრა დეპუტატთა სხვა ჯგუფთან 25 თებერვალს არის დაგეგმილი.

მსგავსი თემები