ბიძინა ივანიშვილი: „პირველებმა ჩვენ მოვახერხეთ და გავილაშქრეთ საბჭოთა წყობის წინააღმდეგ, 9 აპრილმა დააჩქარა საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესი“

ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 9 აპრილის მნიშვნელობა შეაფასა. მისთვის 9 აპრილი ქართული იდენტობის გამომჟღავნებაა ისტორიაში. ივანიშვილმა ყურადღება გაამახვილა 9 აპრილს ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა გმირულ თავდადებაზე და აღნიშნა, რომ თითოეული ქართველი ვალშია მათთან.

„მიუხედავად ძალთა არაპროპორციულობისა, 9 აპრილს მორალური გამარჯვება ქართველმა ხალხმა მოიპოვა. ეს იყო სიმბოლო თავისუფლებისათვის ლტოლვის, ქართული სულისკვეთების გამოხატვის აქტი. სწორედ 9 აპრილიდან დაიწყო ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობა. ქართველების განსაკუთრებული სწრაფვა თავისუფლებისაკენ კარგად შეიმჩნეოდა იმ ჩაკეტილ სივრცეში, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა. 9 აპრილის შედეგები პირადადაც მომიმკია, როდესაც პრემიერის რანგში ბალტიისპირეთის ქვეყნებში ვიზიტით ვიმყოფბოდი, თავდაპირველად ვერც გავიგე ისეთი განსაკუთრებული მოწიწება ვიგრძენი ქართველებისადმი, მერე როდესაც დავაზუსტე ყველა 9 აპრილს იხსენებდა. პირველებმა ჩვენ მოვახერხეთ და გავილაშქრეთ იმ წყობის წყობის წინააღმდეგ და გარკვეულწილად 9 აპრილმა დააჩქარა საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესი და ამას ძალიან მაღალ დონეზე აფასებდნენ ჩვენი მეგობრები,“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის შეფასებით, ქართველების განსაკუთრებულობა მთელი ისტორიის მანძილზე შეიმჩნევა. მისი თქმით, ხანმოკლე პერიოდში, 2 წელიწადში მოვახერხეთ და მაღალ მწვერვალზე ავიყვანეთ ქვეყანა, თუმცა უფრო მოგვიანებით ემოციურობამ უარყოფითი შედეგიც ბევრი მოგვიტანა. ივანიშვილი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდი მოიხსენია, თავდაღმართში ვარდნისა და უკეთესობიდან უარესობისაკენ სვლის ხანად.

“დასანანია, რომ იყო შეცდომები. დასანანია, რომ ისე ვერ ვიცხოვრეთ, როგორც 9 აპრილის გმირებს ეკადრებოდათ, თუმცა გვიან არასდროს არ არის. შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ და იგივე შეცდომების გამეორებას ქართველი ხალხი აღარ დაუშვებს. დიქტატორული მმარტველობა, ნაციონალური მოძრაობის ხანა დასრულებულია,” – განაცხადა ივანიშვილმა.

მსგავსი თემები