„ბიძინა ივანიშვილის მხრიდან იყო თხოვნა“ – რა შეუთვალა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ დეპუტატს?!

მმართველი გუნდის ყოფილი წევრი მირიან წიკლაური აცხადებს, რომ პარტიის თავმჯდომარეს მართლაც ჰქონდა სურვილი, ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასულიყო. დეპუტატი ერთ დეტალს იხსენებს, რა კომუნიკაცია შედგა მასსა და ბიძინა ივანიშვილს შორის.

„მმართველი გუნდის მხრიდან იყო გარკვეული პირობა, რომელიც არ შესრულდა. რა თქმა უნდა,  პირობის არ შესრულება კარგად არ აისახება ვინმეს იმიჯზე. როცა პირობას დებ, ის უნდა შეასრულო. თუმცა, გამოიკვეთა, რომ ეს იყო დემოკრატიული პროცესი“ – განაცხადა მირიან წიკლაურმა „მედიაცენტრ მთავარში.“

მისივე განცხადებით, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ მასაც სთხოვა, პროპორციული საარჩევნო სისტემისთვის დაეჭირა მხარი.

„დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მომხრე იყო. ამაში მარწმუნებს ის, რომ იცოდა რა ჩემი სკეპტიკური დამოკიდებულება ამ საკითხზე, საერთო მეგობრის საშუალებით შედგა ჩვენი კომუნიკაცია და იყო თხოვნა და არგუმენტები, რატომ უნდა მიმეცა ხმა პროპორციული საარჩევნო სისტემისათვის. თუ მას საკითხის ჩაგდება უნდოდა, ჩემთან რატომ დაიწყებდა საუბარს. იყო თხოვნაც და სათანადო არგუმენტებიც. მათ შორის ისიც, რომ შესაძლებელია, კანონპროექტის ჩაგდებას გარკვეული ნეგატიური ძვრები გამოეწვია“ – განაცხადა მირიან წიკლაურმა „მედიაცენტრ მთავარში“.

დეპუტატის თქმით, ეს იყო დემოკრატიული პროცესი და სწორედ ამიტომ აფასებს მმართველი პარტიის თავმჯდომარეს: „ამით ვაფასებ ბიძინა ივანიშვილს, ის ზედმეტ ზეწოლას არ ახდენს თავისი გუნდის წევრებზე“.   

მსგავსი თემები