ბიძინა ივანიშვილის მიმართვას ვიღებთ, “ძველი გვარდია” სახალხო ბრძოლაში ერთვება – ომარ ნიშნიანიძე 

მმართველი პარტია “ქართული ოცნების” “ძველი გვარდია”, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის მიმართვას იღებს და თავიანთ რიგებში ამომრჩეველთა მობილიზებას იწყებენ. “ძველი გვარდია” სახალხო ბრძოლაში ერთვება. ​

როგორც “ქართული ოცნების” ​ერთ-ერთი დამფუძნებელი ომარ ნიშნიანიძე აცხადებს, “ნაციონალურმა მოძრაობამ” ზუსტად იცის წერტილი, სად უნდა დაარტყას მოწინააღმდეგეს, შესაბამისად მათ იცოდნენ რომ თუ ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტს შეასუსტებდნენ მმართველი პარტია “ქართული ოცნება” ბეჭებზე იქნებოდა დადებული.

“იმდენი ლანძღეს ნაციონალებმა ბიძინა ივანიშვილი, რომ დღეს ხალხს მის სახელს ვეღარ უხსენებ. “ქართული ოცნების” დეპუტატები ვერ მიხვდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტის შესუსტება იქნებოდა “ქართული ოცნების” დასასრული და ყურადღების მიღმა დატოვეს მის მიმართ ეს შეტევები. “ქართული ოცნების” ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ და დღემდე არავინ მეძახის. ამიტომ მივდივარ სახალხო მოძრაობაში. სახალხო მოძრაობა გადატეხავს მეორე ტურს. ამ არჩევნებმა დაგვანახა, რომ ხალხს ძალა აქვს”, – აცხადებს ომარ ნიშნიანიძე.

მისივე თქმით, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიაში “ქართული ოცნებიდან” არავის გახსენებია პარტიის წარმომადგენლები ქუთაისში.

“ისევ მე ვაქტიურობ, არც არჩევნების შემდეგ გავხსენებივარ ვინმეს. გაბრაზებული ვართ იმის გამო, რომ “ქართულმა ოცნებამ” საქმე აქამდე მიიყვანა. შეცდომების მთელი კასკადი დაუშვა, მაგრამ არა დანაშაული, ამაზე ვწუხვართ ჩვენ. მაგრამ გამოცდილი ხალხი, “ძველი გვარდია” გვერდზე გაგვწიეს. შეიძლებოდა რჩევა მაინც ეკითხათ ჩვენთვის. ​ამას ველოდი, რომ ეს ასე მოხდებოდა, ჩემი ძველი კოლეგებიც გავაფრთხილე, მაგრამ ერთ ყურში შეუშვეს და მეორედან გაუშვეს. ხალხი ამას გამოასწორებს მეორე ტურში, ამაში ეჭვიც არ მეპარება”, – განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ “მთავარში“.

მსგავსი თემები