ბიუჯეტს მხოლოდ დამსაქმებელი არ ავსებს, დასაქმებულს კაციშვილი არ ელაპარაკება – ბექა ნაცვლიშვილი 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი დადებითად აფასებს ტყიბულის შახტის დახურვასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებას და აცხადებს, რომ საქმე მხოლოდ ამით არ უნდა დასრულდეს, საწარმოებში უნდა შეიქმნას მშრომელთა საბჭოები, სადაც დასაქმებული მიიღებს მენეჯმენტში მონაწილეობას, თვითონ იქნება უსაფრთხოების ნორმების ზედამხედველი.

​დეპუტატის თქმით, ეს არის ევროპული გამოცდილება, რომელიც ქვეყანამ უნდა გაიზიაროს.

​”ევროპა კლუბი კი არ არის, ის არის კონკრეტული სოციალური წესრიგი, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ. უნდა შევცვალოთ ის სოციალური წესრიგი, რომელიც აქამდე გვქონდა, რომ მარტო ინვესტორებს ვესაუბრებით, მარტო ველაპარაკებით კომპანიების ხელმძღვანელებს, დამსაქმებლებს, დასაქმებულს კაციშვილი არ ელაპარაკება. სანამ ჩვენ არ ვიგრძნობთ, რომ ეს ადამიანები არანაკლებ მნიშვნელოვანი არიან ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, ისინი ქმნიან დოვლათს დამსაქმებელთან ერთად და არ შეიცვლება ჩვენი ცნობიერება ამ მიმართულებით და არ დავაფასებთ ამ ადამიანებს, მანამდე გვექნება ყოველთვის ასეთი პრობლემები. მთავარია კომპანიამ ბიუჯეტში ფული შეიტანონ და არ აქვს მნიშვნელობა რის ხარჯზე, ბიუჯეტში ფული ამ ადამიანებსაც შეაქვთ თავიანთი საშემოსავლოს სახით”, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა მედიაცენტრ “მთავარის” პრესკლუბში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, ​მიუხედავად იმისა, რომ ქვანახშირის მოპოვება ძალიან ბევრ ქვეყანაში შეჩერებულია ეკოლოგიური თვალსაზრისით, მაგრამ ბევრ ევროპულ ქვეყანაში გრძელდება დღემდე, ეს არ ხდება დასაქმებული სიცოცხლის ხარჯზე, არავინ იღუპება.

​ნაცვლიშვილის თქმით,  ტყიბულის მაღაროში  ტრაგედიები ძალიან ხშირად ხდება და ​ყველას ჰქონდა შანსი,  ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, მანამდეც 2 წლის წინ, გაეთვითცნობიერებინათ, რომ საჭიროა საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილება, რაც არის ელემენტარული, უსაფრთხო რეჟიმისთვის საჭირო.

“ყველა საწარმო უნდა გადამოწმდეს და სადაც არ არის დაცული ეს სტანდარტები, უნდა შეუშვას დროებითი მმართველი სახელმწიფომ”, – აცხადებს დეპუტატი.

მსგავსი თემები