ბიულეტენის კონვერტში მოთავსებას და ყუთში ჩაგდებას დიდი კვალიფიკაცია არ სჭირდება – ლადო ბოჟაძე

ცენტრალური საარჩევნო კომიიის თავმჯდომარეობის კანდიდატი ლადო ბოჟაძე აცხადებს, რომ საარჩევნო სისტემა პოლიტიზირებულია და ამაში გასაკვირი არაფერია. მისივე თქმით, ცესკო-ს წევრების ნახევარზე მეტი, ასევე, მთლიანად საარჩევნო ადმინისტრაცია პოლიტიკური პარტიების წევრები, ან პარტიების მიერ დანიშნული პირები არიან.

​​როგორც ​ლადო ბოჟაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საარჩევნო ადმინისტრაცია, სულ მცირე ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიები, მხოლოდ პროფესიული ნიშნით უნდა დაკომპლექტდეს, ხოლო საარჩევნო უბნის დონეზე, პარტიებს კიდევ უფრო მეტი ჩართულობის საშუალება ჰქონდეთ. ისინი უნდა დარწმუნდნენ, რომ უბანში კანონი არ ირღვევა, არჩევნები არ ყალბდება და არჩევნები კანონმდებლობის მიხედვით ტარდება.

“ჩვენ ვნახეთ, არჩევნების გაყალბების ძალიან მძიმე კადრები. უნდა ჩატარდეს გამოძიება და ვნახოთ ეს ადამიანები, ვის მიერ არიან დანიშნულები. ზედმეტი პოლიტიზირების თავიდან ასაცილებლად საჭიროა, საარჩევნო ადმინისტრაციის ზედა 2 დონე – ცესკო და ოლქი, მხოლოდ პროფესიული ნიშნით, ლიცენზირებული კადრებით დაკომპლექტდეს. მაგრამ უბნებზე, ყველა პარტიას უნდა მივცეთ საშუალება ჩაერთოს საარჩევნო პროცესში”, – განაცხადა ბოჟაძემ “მთავარში“.

მისივე თქმით, შესაძლოა ადამიანი კვალიფიციური იყოს, მაგრამ თავისი პარტიისგან უკანონო დავალებები მიიღოს და შეასრულოს. ამ შემთხვევაში მათ კვალიფიკაციაზე არ არის დამოკიდებული მათი ქმედება.

ლადო ბოჟაძის თქმით, ბიულეტენის კონვერტში მოთავსებას და ყუთში ჩაგდებას დიდი კვალიფიკაცია არ სჭირდება, კვალიფიკაცია სჭირდება იმას, რომ ხარისხიანად მოემსახურო ამომრჩეველს, სრულად დაიცვა კანონმდებლობა, პროცედურები და რაც ყველაზე მთავარია, სწორად შეადგინო საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმი. არითმეტიკული სიზუსტით მაინც დაიწეროს რიცხვები, რომ შემაჯამებელ ოქმს შემდგომ არ დასჭირდეს შესწორების ოქმი, რომ ბალანსის ვერ მიღება არ იყოს კვლავ პრობლემა და ა.შ.

“ეს არის ტრადიციული პრობლემა, რომელიც მუდმივად არსებობს. გასაკვირი არაფერია. დაახლოებით 45 ათასი ადამიანია ამ პროცესში ჩართული. ეს ადამიანები მუდმივად იცვლებიან. ამიტომ გვინდა, რომ სელტიფიცირებაზე გადავიდეთ, რომ ასეთი კვალიფიციური კადრები არ დავკარგოთ. ჩამოყალიბდეს ადამიანების გარკვეული რაოდენობა, რომლებიც მუდმივად ჩაატარებენ არჩევნებს. უბანში პარტია დანიშნავს, თუ ოლქი აირჩევს, ვიცოდეთ, რომ კვალიფიციურები არიან და ყოველთვის ღირსეულად შეასრულებენ თავიანთ მოვალეობას. მათთვისაც ეს სტიმული და გარანტირებული სამსახური იქნება. სელტიფიკატის გამო, ისინი ხელფასებს მიიღებენ”, – აცხადებს ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი ლადო ბოჟაძე.

 

მსგავსი თემები