ბიზნესმენის გატაცებული შვილი გაათავისუფლეს, კრიმინალური ჯგუფი დააკავეს

დაკავებულია 10 კაციანი დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელმაც თანხის გამოძალვის მოტივით თბილისიდან ახალგაზრდა მამაკაცი გაიტაცეს. შეიარაღებულ გამტაცებლებს გატაცებული იმერეთის ერთ-ერთ სოფელში ჰყავდათ გადამალული დაგამოსასყიდს ელოდებოდნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-ში საგანგებო განცხადება გაკეთდა.

გატაცებული გიორგი დეკანოიძეა, იგი წყალტუბოში, სოფელ მაღლაკში ჰყავდათ დატყვევებული. მის მამას რესტორნების ბიზნესი აქვს.

სპეცოპერაცია თბილისის პოლიციისა და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან ერთად იმერეთსა და თბილისში ერთდროულად ჩაატარეს. შსს-ს ინფორმაციით, ჩადენილი დანაშაული 9-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა 1995 წელს დაბადებულ ახალგაზრდას თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და გაურკვეველი მიმართულებით გაიტაცეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა გატაცებულის მამამ და აცნობა, რომ გამტაცებლები მას მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდნენ, შვილის გამოსასყიდად დიდი ოდენობით თანხა მოსთხოვეს, ფულის გადაუხდელობის შემთხვევაში კი მძევლის სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ. სამართალდამცველებმა, ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გატაცებულის ადგილსამყოფელი დაადგინეს. გამოძიების ინფორმაციით, გ.დ. შეიარაღებულ გამტაცებლებს იმერეთის ერთ-ერთ სოფელში ჰყავდათ გადამალული. პოლიციამ გატაცებული ახალგაზრდა წარმატებული სპეცოპერაციის შედეგად გაათავისუფლა. სამართალდამცველებმა სახლიდან, სადაც გამტაცებლებს მძევალი ჰყავდათ გადამალული, ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი. პოლიციამ გ.დ. ოჯახში უვნებლად დააბრუნა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლით მიმდინარეობს. გამოძიების ფარგლებში დაინიშნება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა“, – განაცხადეს შსს-ში.

მსგავსი თემები