ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში საქართველო მეშვიდე ადგილზეა

ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში (Doing Business 2020) საქართველო მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის მეშვიდე ადგილზეა. წინა წელთან შედარებით, საქართველოს რეიტინგი ერთი პოზიციით გაუარესდა, რადგან 2019 წლის ანგარიშში ქვეყანა მეექვსე ადგილს იკავებდა.

ეკონომიკურ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ბექა ლილუაშვილმა მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული კვლევა შეაფასა. მისი თქმით, სწორედ ეს არის ინდიკატორი იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში ბიზნესგარემო უწყვეტად და მდგრადად ვითარდება.

„რეიტინგი შედგება 10 სხვადასხვა კომპონენტისგან, დაწყებული ბიზნესის რეგისტრაციით, დამთავრებული გადახდისუნარიანობის პროცედურებით. ძირითადი არსი არის ის, რომ ქვეყანაში შეფასდეს ბიზნესის დაწყებისა და განვითარებისთვის საჭირო ინსტიტუციური განვითარებისა და პროცედურების ეფექტიანობის დონე და ხარისხი. ამ თვალსაზრისით, ჩვენ საკმაოდ კარგი პოზიციები გვაქვს, კერძოდ, 190 ქვეყანას შორის, საქართველო მეშვიდე ადგილზეა და მეტიც, 10 სხვადასხვა კომპონენტიდან სამის მიხედვით, პირველ ათეულში ვართ“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

მისი განმარტებით, საუბარია ბიზნესის რეგისტრაციისთვის საჭირო დროსა და პროცედურებზე, საკუთრების რეგისტრაციის პროცედურებზე, ინსტიტუციურ ჩარჩოსა და ე.წ მინორიტარული, მცირე წილის მქონე აქციონერების უფლებების დაცვაზე.

2020 წლის ანგარიშში საქართველო შეფასებულია 83,7 ქულით. ეს მაჩვენებელი წინა წელთან შეადრებით 0,2 ქულით გაუმჯობესდა.

მსგავსი თემები