“ბიბლუსმა” სათამაშოების ქსელი “პეპელა” შეისყიდა

წიგნის მაღაზიების ერთ-ერთმა უდიდესმა ქსელმა საქართველოში, „ბიბლუსმა” სათამაშოების მაღაზიათა ქსელი „პეპელა“ შეისყიდა. კომპანიები ერთი ბრენდის ქვეშ არ გაერთიანდებიან. სათამაშოების მაღაზია “პეპელა” ბაზარზე მოღვაწეობასა და თავისი კლიენტების მომსახურებას კვლავ დამოუკიდებელი ბრენდით განაგრძობს.

როგორც წიგნის მაღაზიების ქსელ “ბიბლუსში” აცხადებენ, ორი დიდი კომპანიის გაერთიანება, თითოეულ მათგანს განვითარების კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს. იგეგმება “პეპელას” ქსელის გაფართოება, როგორც თბილისში, ასევე ქვეყნის სხვა ქალაქებსა და რეგიონებში.

“მომხმარებელს კიდევ ბევრ საინტერესო სიახლესა და მრავალფეროვან პროდუქციას შევთავაზებთ. ხარისხი უცვლელად რჩება კომპანიის მთავარ კრედოდ,“ – აცხადებენ „ბიბლუსში“.

აღსანიშნავია, რომ წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ 2008 წლის 23 მაისს დაარსდა. საქართველოს მასშტაბით დღეისთვის ის 59 ფილიალს აერთიანებს. კომპანიამ, არსებობის 10 წლის განმავლობაში, საქართველოში საგამომცემლო პროდუქტების ყველაზე ფართო და თანამედროვე სავაჭრო ქსელი შექმნა.

რაც შეეხება სათამაშოების მაღაზიათა ქსელ “პეპელას”, ის 2006 წელს დაარსდა და უკვე 12 წელია ბაზარზე ფუნქციონირებს. კომპანია აქცენტს ხარისხიან, ლიცენზირებულ პროდუქციაზე აკეთებს. ამჟამად, ის სათამაშოების ბიზნეს სექტორში ერთ-ერთი დიდი და წარმატებული კომპანიაა. დღეისთვის აერთიანებს 10 ფილიალს, მათგან 9 თბილისში მდებარეობს, ერთი კი ბათუმში.  “პეპელას” აქვს სადისტრიბუციო ქსელი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ კავკასიის რეგიონში.

წყარო: “ინტერპრესნიუსი”

მსგავსი თემები