ბექა ბერძენიშვილი საქართველოს აბსოლუტური ფალავანია

ქართულ ჭიდაობაში ტრადიციული ტურნირი – „ფალავნობა 2018“ ჩატარდა. წლევანდელი შეჯიბრება საიუბილეო – 90-ე იყო. 2018 წლის „ფალავნობა“ განსაკუთრებული იყო იმითაც, რომ ნოემბერში იუნესკომ ქართულ ჭიდაობას არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიანიჭა. „ფალავნობა 2018“-ს ვაჟა კაჭარავას სახელობის ფრენბურთის არენამ უმასპინძლა.

ქვეყნის აბსოლუტური ფალავნის წოდება ბექა ბერძენიშვილმა მოიპოვა, რომელმაც ფინალში გიორგი პაპუნაშვილი დაამარცხა. ახალციხელმა ფალავანმა სხვა პრიზებთან ერთად, 35 000 ლარი მიიღო. 10 000 ლარი ხვდა წილად გიორგი პაპუნაშვილს. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ლაშა ტაველურმა გიორგი კაციაშვილი დაამარცხა და 5 000 ლარს დაეუფლა.

“ფალავნობა” ჯამში 4 წონით კატეგორიაში ჩატარდა. 80 კგ წონით კატეგორიაში გამარჯვება გიორგი მახარაშვილმა იზეიმა. გიორგი პაპუნაშვილის გამარჯვებით დასრულდა 90 კგ წონითი კატეგორიის ფინალი. რაც შეეხება 100 და +100 კგ წონით კატეგორიებს, გამარჯვებულები შესაბამისად ლაშა ტაველური და ლევან მატიაშვილი გახდნენ. წონითი კატეგორიების გამარჯვებულებმა 5-5 ათასი ლარი გამოიმუშავეს, 3-3 ათასი ლარით დაჯილდოვდნენ მეორე ადგილოსნები, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორებმა ათას-ათასი ლარი მიიღეს.

გამარჯვებულები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის პირველმა მოადგილე შოთა ხაბარელმა და საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა გელა ბერუაშვილმა დააჯილდოვეს.

„ფალავნობა 2018“- ის შედეგები ასეთია: 

აბსოლუტური

  1. ბექა ბერძენიშვილი (კასპი)
  2. გიორგი პაპუნაშვილი (გორი)
  3. ლაშა ტაველური (თბილისი)
  4. გიორგი კაციაშვილი (კასპი)

80 კგ

  1. გიორგი მახარაშვილი (მცხეთა)
  2. ოთარ სოზიაშვილი (თბილისი)
  3. გიორგი კაციაშვილი (კასპი)

90 კგ

  1. გიორგი პაპუნაშვილი (გორი)
  2. პაატა ღვინიაშვილი (გორი)
  3. ტრისტან მოსახლიშვილი (თელავი)

100 კგ

  1. ლაშა ტაველური (თბილისი)
  2. გიორგი კობაიძე (თეთრიწყარო)
  3. ზაურ კენჭაძე (თბილისი)

+100 კგ

  1. ლევან მატიაშვილი (თბილისი)
  2. ბექა ბერძენიშვილი (კასპი)
  3. გელა ზაალიშვილი (თბილისი)

მსგავსი თემები