ბესელია – ფოფხაძის ფრაქციას უმრავლესობიდან, რამდენიმე ადამიანი შეუერთდება – გიორგი ლომია

ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარე გიორგი ლომია იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელიასა და პარლამენტის წევრის, გედევან ფოფხაძის მიერ, ახალი ფრაქციის შესაძლო ჩამოყალიბებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მათ გუნდს უმრავლესობიდან, რამდენიმე ადამიანი კიდევ შეუერთდება.

როგორც გიორგი ლომიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ახალი ფრაქცია პარლამენტში მმართველ გუნდს ვერ დაუპირისპირდება, რადგან პარლამენტში სწორედ მათი დამსახურებით მოხვდნენ.

“ვვარაუდობ, რომ ფრაქცია შეიქმნება, მაგრამ არ მგონია, რომ ეს ახალი ფრაქცია ღიად დაუპირისპირდეს მმართველ გუნდს და უმრავლესობას. არსებობს ადამიანურ ფაქტორზე დაყრდნობილი ურთიერთობები, რასაც ვერ გადააბიჯებ, რადგან პარლამენტში მათი მოხვედრა, გარკვეულ წილად, მმართველ გუნდთან შეთანხმება იყო. სხვანაირად ეს ადამიანები პარლამენტში ვერ მოხვდებოდნენ,” – აღნიშნა გიორგი ლომიამ.

დეპუტატმა, მისი ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების” რიგებიდან დეპუტატ დავით ჭიჭინაძის წასვლაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ფრაქციის დაშლის შემთხვევაში, მათ მეტი თავისუფლება ექნებათ სამომავლო გეგმებისთვის.

“არ ვაპირებთ არავისთან მისვლას და საუბარს, რომ ის შემოვიდეს ჩვენთან ფრაქციაში, იმისთვის რომ ფრაქცია არ დაიშალოს. თუ ვინმეს ექნება სურვილი, შემოვიდეს და გაწევრიანდეს, ფრაქციაში სიამოვნებით მივიღებთ, თუ არადა, ასევე სიამოვნებით დავიშლებით,” – განაცხადა გიორგი ლომიამ.

მსგავსი თემები