ბერტა ფონ ზუტნერის საქართველოში მოღვაწეობის ამსახველი გამოფენა გაიხსნა

ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში, საქართველოში ავსტრიის საელჩოსა და საქართველოს ეროვნული არქივის ორგანიზებით გამოფენა „ბერტა ფონ ზუტნერი – ავსტრიელი ნობელიანტი ქალი მშვიდობის დარგში – ცხოვრება საქართველოში“ , გაიხსნა და 8 ივლისამდე გაგრძელდება.

ბერტა ფონ ზუტნერი ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანთან მეგობრობდა. იგი 1876 წელს არტურ ფონ ზუტნერზე ვენაში საიდუმლო ქორწინების შემდეგ საქართველოში გამოემგზავრა. წყვილმა აქ 9 წელი დაჰყო. ისინი ზუგდიდსა და ქუთაისში, შემდეგ კი თბილისში ცხოვრობდნენ. ზუტნერები წერდნენ წიგნებს, ასწავლიდნენ უცხო ენებსა და მუსიკას.

როგორც მედიაცენტრ “მთავარს” ეროვნულ არქივში განუცხადეს, გამოფენის მიზანია ბერტა ფონ ზუტნერის მოღვაწეობისა და საქართველოში მისი ცხოვრების პერიოდის გახსენება და ქართულ-ავსტრიული მეგობრული ურთიერთობების ხაზგასმა.

მათივე თქმით, ავსტრია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხდება, სწორედ ამ ფაქტს მიეძღვნა ექსპოზიცია.

ბერტა ფონ ზუტნერი ავსტრიელი ნოველისტი, სამშვიდობო მოძრაობის აქტივისტი და პირველი ქალბატონი გახლდათ, რომელმაც მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიიღო. მას განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა რომანმა „ძირს იარაღი“, რომელიც 1889 წელს გამოიცა. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც ზუტნერმა 1905 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიიღო.

გამოფენა ავსტრიის ელჩმა საქართველოში არად ბენკომ და ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა გახსნეს. ღონისძიებას საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ სარჯველაძე ესწრებოდა.

მსგავსი თემები