ბენზინში ტყვიის მაღალი შემცველობა არ აღმოჩნდა, ჰაერის მთავარი დამაბინძურებელი გამონაბოლქვია

აღებული ბენზინის ნიმუშებიდან, რომელიც საქართველოს მასშტაბით ჩატარდა, ტყვიის გადაჭარბებული კონცენტრაცია არ დაფიქსირდა. რაც შეეხება დიზელის კვლევას, შედეგებს რამდენიმე დღეში ელოდებიან.

როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი მუკნიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ბენზინთან დაკავშირებით 240 ნიმუში აიღეს, დიზელზე კი დაახლოებით 120.

„საქართველოში, ავტოგასამართი სადგურებიდან ავიღეთ სინჯები. მთლიანობაში, სულ 240 ოპერატორიდან ავიღეთ ნიმუშები. საუბარია როგორც მსხვილ ოპერატორებზე, ისე პატარ-პატარა მეწარმეებზე. შემოწმება ეხებოდა საწვავში ტყვიის შემცველობას.  სინჯების აღება მოხდა გაუფრთხილებლად. ნიმუშები გადავაგზავნეთ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიაში და შემოწმებამ აჩვენა, რომ ტყვიის გადამეტება არც ერთ ნიმუშზე არ დაფიქსირდა“ – განუცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი მუკნიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“.  

რაც შეეხება დიზელის კვლევას, პასუხები ჯერჯერობით არ მიუღიათ: „მეორე შემოწმება დიზელზე ჩავატარეთ. აღებული გვაქვს დაახლოებით 120 სინჯი და მიმდინარეობს დამუშავება, ველოდებით პასუხს“.

კითხვაზე, რა რჩება ჰაერის ძირითად დამაბინძურებლად, ირაკლი მუკნიაშვილმა გვიპასუხა, რომ გამონაბოლქვი, ამ კუთხით ერთ-ერთი პრობლემაა.

„ჩვენი თემაა დაბინძურების წყარო, მისი აღმოჩენა და რეაგირების მოხდენა. მართალია, საწვავში ტყვია არ დაფიქსირდა, თუმცა, გამონაბოლქვი არის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა. ნივთიერებები, რომელიც წვის შედეგად გამოიყოფა, არის ერთ-ერთი პრობლემური. თბილისში ძალიან ბევრი ავტომობილი მოძრაობს და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფერო სწორედ გამონაბოლქვია. გარდა ამისა, ჰაერის დაბინძურების წყაროა საწარმოები“.

მსგავსი თემები