“ბევრი რამ გაკეთდა ქვეყანაში და ეს ხალხმა არ იცის” – გოგი ქავთარაძე არჩევნების II ტურზე

პარლამენტის ყოფილი წევრი, რეჟისორი გოგი ქავთარაძე აცხადებს, რომ პარტია “ქართული ოცნების” მთავარი პრობლემა ცუდი პიარია, რაც დაადასტურა კიდეც საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებმა.

როგორც გოგი ქავთარაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბოლო წლებში ქვეყანაში ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვალა, მაგრამ ეს ინფორმაცია მოსახლეობამდე არ მიდის.

“ყველაზე მეტად მაწუხებს ის, რომ არ ვიცით პიარი. მეორე ტურისთვის ამ მხრივ ცოტა გამოცოცხლდა ვითარება. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ქვეყანაში და ეს ხალხმა არ იცის. ეს არის მთავარი პრობლემა, რაც ამ მომენტისთვის მაწუხებს. როგორც ჩანს ბიძინა ივანიშვილმა ჩათვალა, რომ მას პიარი არ სჭირდება და ისე გამოვიდა, რომ დავდექით ამ ფაქტის წინაშე. რეაბილიტირებული თეატრების შენობები რომ გვაქვს, მისი დამსახურებაა. ეს ყველაფერი ხომ არსებობს? რამდენი სიცოცხლე გადაარჩინა, რამდენ სტუდენტს დაეხმარა, რამდენი რამ არის კიდევ პერსპექტივაში. როცა ამის პიარს არ ახდენს პარტია, მაშინ სხვა ადამიანები ჩაენაცვლებიან მას წაიღებენ ამომრჩეველთა ხმებს. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ხალხს კარგად გავაგებინო რატომ უნდა მისცენ ხმა სალომე ზურაბიშვილს”, – განაცხადა გოგი ქავთარაძემ “მთავარში“.

​მისი აზრით, მმართველ პარტიას ხალხთან კომუნიკაციის პრობლემა აქვს გამოსასწორებელი, ახალგაზრდებისთვის ბევრ რამ უცნობია.

გოგი ქავთარაძე არჩევნების მეორე ტურამდე დარჩენილ დროში “ქართულ ოცნებას” ურჩევს მოსახლეობასთან კომუნიკაციის გააქტიურებაზე იზრუნონ.

მსგავსი თემები