ბახმაროში ტრადიციული სპორტული ღონისძიებები ჩაიკარგა

დღეს, ფერიცვალების დღესასწაულზე, კურორტ ბახმაროში ტრადიციული ღონისძიებებიდან მხოლოდ დოღი იმართება, სადაც „,ბახმაროს თასი 2018“ გათამაშდება. წლების წინ კი ეს დღე გაცილებით მასშტაბური და სანახაობრივი იყო და მისი ინიციატორი ზვიად უნგიაძე გახლდათ, რომელმაც 13 წლის წინ ბახმარო ნამდვილ დღესასწაულად აქცია. მისი დაარსებული სპორტული ღონისძიებებიდან კი დღეს ბახმაროს თითქმის არცერთი შემორჩა.

ადგილობრივების მოთხოვნაა, რომ ის ტრადიცია აღდგეს, რაც ბახმაროს წლებიას წინ ჰქონდა. კერძოდ, ღონისძიება დაიტვირთოს სპორტული აქტივობებით და უფრო მასშტაბური გახდეს.

სპორტის რამდენიმე სახეობაში შეჯიბრი ზვიად უნგიაძის ინიციატივით  ბახმაროში 2005 წელს დაარსდა. 13 წლის წინ, ეს ბახმაროს ისტორიაში პირველად მოხდა. მანამდე კი მხოლოდ დოღი იმართებოდა, როგორც დღეს.

„13 წლის წინ პირველად ჩავატარეთ  ბახმაროს ფალავნობა; მკლავჭიდი; 2 წელი ზედიზედ ბახმაროში  მსოფლიოს მრავალგზის რეკორდსმენები ჩაგვყავდა. მაგალითად, მსოფლიოს მრავალგზის რეკორდსმენი  ბურთის თავით აკენწვლაში გოდერში მახარაძე; მსოფლიოს მრავალგზის რეკორდსმენი ყურებით სიმძიმის გათრევაში – ლაშა პატარაია.  ასევე,  გინესის მრავალგზის რეკორდსმენი ველოსიპედის თითებით აზიდვაში, აწ გარდაცვლილი ჯუმბერ ლეჟავა და საკმაოდ დატვირთული და სანახაობრივი იყო. უამრავი სტუმარი გვყავდა როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ისე ტურისტები, რომელბიც თავადაც ერთობოდნენ შეჯიბრში“, – იხსენებს „მთავართან“ ზვიად უნგიაძე.

დღეს კი ბახმაროს მხოლოდ ქართული ჭიდაობა, მკლავჭიდი და დოღი შემორჩა. ტრადიციულად, ამ ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკაბახტაძეც დაესწრება.

მსგავსი თემები