ბაჩო ახალაია საბოლოოდ ცნეს დამნაშვედ სერგო თეთრაძეზე სექსუალური ძალადობის ორგანიზებაში   

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, რომლის თანახმად, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩანა ახალაია დამნაშავედ არის ცნობილი პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების და მასზე სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ორგანიზებაში, დავით ლონდარიძის წამების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი სიყალბის და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში თანამონაწილეობაში.

​როგორცმედიაცენტრ მთავარს” მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, ბაჩო ახალაიას საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 12 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამნისტიის აქტით შეუმცირდა და განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით 3 წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

ასევე, ძალაში დარჩა გამამტყუნებელი განაჩენი ახალაიას ყოფილი მოადგილის მიმართ, რომელიც დამნაშავედ არის ცნობილი დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში დახმარების და სამსახურებრივი სიყალბის ეპიზოდში.

ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2011 წლის სექტემბერში, თავდაცვის ექსმინისტრმა ახალაიამ,  წარმატებული ხელმძღვანელის სახელის მოპოვების მიზნით ორგანიზება გაუწია და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს დაავალა  უდანაშაულო მოქალაქეთა დაკავება და აღიარებითი ჩვენებების მიღება მათი წამების გზით, თითქოსდა ისინი ჩადიოდნენ რუსეთის სასარგებლოდ „ჯაშუშობას“. ამ ინფორმაციას იგი გაავრცელებდა მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით, თითქოსდა გამოვლენილი ჰყავდათ ე.წ. „ჯაშუშური“ჯგუფი.

2011 წლის სექტემბერში, სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს შეიარაღებული ძალების ვიცე-პოლკოვნიკი დავით ლონდარიძე, მასთან ერთად ე.წ. „ჯაშუშობაში მხილებული“, თადარიგის პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე და კიდევ ორი პირი. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შენობაში, თავდაცვის ყოფილი მინისტრი და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სხვა პირებთან ერთად ჯაშუშობის აღიარების მოთხოვნით, მრავალი საათის განმავლობაში განუწყვეტლივ სცემდნენ და დამამცირებლად ეპყრობოდნენ დაკავებულ პირებს იმ მიზნით, რათა მათგან მიეღოთ აღიარებითი ჩვენებები, თითქოსდა ისინი ჩადიოდნენ ჯაშუშობას საქართველოს წინააღმდეგ.

დაკავებულმა სერგო თეთრაძემ, მიუხედავად მის მიმართ განხორციელებული ძალადობისა, არ აღიარა მისთვის დაბრალებული დანაშაული. ამის გამო, ბაჩო ახალაიამ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან ერთად ორგანიზება გაუწია სერგო თეთრაძის შემდგომ წამებას და სექსუალურ ძალადობას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. კერძოდ, 2011 წლის 23 სექტემბერს, №8 საპყრობილის საკანში, არატრადიციული ორიენტაციის პატიმრებმა სერგო თეთრაძის მიმართ განახორციელეს სექსუალური ძალადობა, რასაც ადგილზე ხელმძღვანელობდა №8 საპყრობილის დირექტორი. სერგო თეთრაძე მასზე განხორციელებული წამების შედეგად გახდა ცუდად და გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა გონს მოუსვლელად.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი გეგმისთვის სამართლებრივი ნიადაგის შესაქმნელად, თავდაცვის მინისტრმა ძველი რიცხვით დანიშნა მისივე ბრძანებით სამსახურიდან გათავისუფლებული გამომძიებლები, რათა მათ ეწარმოებინათ საგამოძიებო მოქმედებები. გარდა ამისა, 2011 წლის სექტემბერში „ჯაშუშობის“ ფაქტზე გამოძიების მიმდინარეობისას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა 60 000 ლარი, ხოლო მოგვიანებით თავდაცვის ყოფილი მინისტრის და მისი მოადგილის დახმარებით ძველი რიცხვით შეიქმნა ყალბი დოკუმენტები, სადაც დაფიქსირდა, რომ თითქოს ეს თანხა – 60 000 ლარი კონფიდენტებზე, ე.წ „ჯაშუშებზე“ ოპერატიული ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ გაიცა. სინამდვილეში, დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხა არ გამოყენებულა სამსახურებრივი მიზნებისთვის და იგი მართლსაწინააღმდეგოდ იქნა მითვისებული.

მსგავსი თემები