“ბაღში ოთხი ძირი ხე დარგეს და ისიც გახმა” – რა იგეგმება ვაკის პარკში

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ვაკის პარკის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული, საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის კონკურსი გამჭვირვალედ და კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს. ამდენად არ იზიარებს მოსაზრებას, რომ აღნიშნული კონკურსი რომელიმე კონკრეტულ კომპანიაზეა მორგებული და სამი თვე არ არის ის დრო, როდესაც პროექტის განხორციელებაა შესაძლებელი.

კალაძის თქმით, მერიას დასტური უკვე 9 კომპანიამ მიაწოდა, რომ სამი თვის განმავლობაში პროექტის განხორციელება შესაძლებელია. ხოლო ერთ-ერთი მათგანი – ირაკლი ჟვანია, ვისაც ამ კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით პრეტენზია ჰქონდა, მაია ბითაძეს შეხვდა და სოციალური ქსელის მეშვეობით განმარტება გააკეთა, რომ მისი ეჭვები გაქარწყლებულია.

როგორც კახა კალაძე აცხადებს, ვაკის პარკის რეაბილიტაცია სხვადასხვა დასასვენებელი და გასართობი სივრცეების შექმნას, სავარჯიშო მოედნების მოწყობას გულისხმობს. სამუშაოების ფარგლებში, სრულად შეიცვლება არსებული საპარკე ავეჯი და განათება მოეწყობა. ვაკის პარკში შენარჩუნდება სამაგიდო სივრცეები თამაშებისთვის და სრულად განახლდება შადრევანი და ამფითეატრი.​

​მისივე განცხადებით, დედაქალაქში არსებული პარკების მოწესრიგება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, თუმცა, ბოლო ხანებში დედაქალაქის მერიის ყველა პროექტის ირგვლივ ნეგატიური ინფორმაცია ვრცელდება.

„ მესმის, რომ ვიღაცას არ მოსწონს კახა კალაძე, „ქართული ოცნება“, ქალაქის მთავრობა, მაგრამ არსებობს თბილისის, ქალაქის სიყვარული და მგონი პირიქით, ქალაქის მცხოვრებლები გახარებული უნდა იყვნენ, რომ ასეთი პროექტები ხორციელდება. ოპონენტებს გამოჰყავთ ე.წ. ექსპერტები, რომელთაც ცხოვრებაში არაფერი შეუქმნიათ და ვაკის პარკზე, სარეაბილიტაციო სამუშაოებზე საუბრობენ. ერთადერთი, რითაც თავი დაგვამახსოვრეს, იყო ის, რომ წითელ ბაღში ოთხი ძირი ხე დარგეს და ისიც გახმა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები