„ბატონმა ბიძინამ დეპუტატებს სთხოვა ამას ნუ გააკეთებთო“ –  ალექსანდრე ქანთარია

„ბატონი ბიძინა ყოველთვის ამბობდა იმას, რომ ჩვენ უნდა გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე, მიუხედავად იმისა, რომ მას ახლავს თავისი რისკები. ჩემს თვალწინაც რამდენჯერმე სთხოვა მაჟორიტარებს და მოუწოდა – ამას ნუ გააკეთებთ, ნუ იზამთ ასეთ რამეს, რომ კანონპროექტი ჩავარდესო“ – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ “მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

დეპუტატის შეფასებით, ის, რაც მოხდა, მმართველი გუნდისთვის დამაზიანებელია, თუმცა ვიშ-ვიში და სიტუაციის გამწვავება არ გამოვა.

„ლაპარაკი, ვიშ-ვიში, სიტუაციის გამწვავება და სიუჟეტის დესტაბილიზაციის სიბრტყეში გადაყვანა არ გამოვა. დასარიგებელია ხელფასები, პენსიები, ბიუჯეტია მისაღები, რაც ამ წელს უნდა მოხდეს. მუქარა, მცდელობა, რომ ამას ვიზამ, იმას ვიზამ, დარჩება ჰაერში, თუმცა, საერთო ფონს დააზიანებს. რა თქმა უნდა, კანონპროექტის ჩაგდებით  დავზარალდით და უხერხული მდგომარეობა შეიქმნა. ეს არ ნიშნავს ტრაგედიას და არც აპოკალიფსი იწყება,“ – განაცხადა დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი თემები