„ბატონის და მონის პოზიცია მიუღებელია, თუ ხარ პარტნიორი, უნდა იყო პარტნიორის პატივისმცემელი“ – კობა კობალაძე წერილებზე  

საქართველოს პარლამენტის წევრის, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის კობა კობალაძის განცხადებით, პარტნიორ ქვეყანასთან მონისა და ბატონის პოზიციიდან საუბარი მიუღებელია და თუ პარტნიორ ქვეყანას ესაუბრები, თანასწორობის პრინციპი დაცული უნდა იყოს.

ეს განცხადება კობა კობალაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ კონგრესმენებისა და სენატორების მიერ გამოგზავნილ წერილებთან დაკავშირებით გააკეთა. როგორც დეპუტატი აღნიშნავს, ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ საქართველო დემოკრატიული და დამოუკიდებელი ქვეყანაა.

„ჩვენ ისტორიას რომ გადავხედოთ, უმთავრესი, რასაც ჩვენი ქვეყნის საზოგადოება, ერი და ბერი ჩვენგან ითხოვს, არის ის, რომ ნებისმიერმა, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებმა, პატივისცემა გამოხატონ ქვეყნის მიმართ და არა დატუქსვის პოზიციიდან, არამედ კონსტრუქციულად გველაპარაკონ. მით უმეტეს, ჩვენ ვიცით რომ ჩვენი შეზღუდული რესურსების მიუხედავად, ჩვენი ჯარისკაცების,  მოქალაქეების შემართებით, სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობით თუ სხვა აქტივობებით მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ თანამეგობრობას და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს არ ჩამოვრჩეთ. ყველა წერილი,  რომელსაც პარტნიორი ქვეყნები გამოგვიგზავნიან, უნდა იყოს კონსტრუქციული და თანასწორობაზე აგებული და არ უნდა ირგძნობოდეს, რომ შენ ხარ სადღაც. ეს ქვეყანა არის დამოუკიდებელი,  დემოკრატიული პრინციპების მიმდევარი, მაგრამ, უნდა გვქონდეს პრინციპული პოზიცია, რომ ეს ქვეყანა გვეკუთვნის ჩვენ“ – განაცხადა კობა კობალაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.  

საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელმა იმ ხარვეზებზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც შესაძლოა ჩვენს ქვეყანას ჰქონდეს და აღნიშნა, რომ ამას სჭირდება მუშაობა და არა თითის ქნევა.

„რა თქმა უნდა, მათთან არის სამუშაო. შეიძლება ჩვენი მინუსიც იყოს იმაში, რომ ამ მიმართულებით მეტად არ ვიაქტიურეთ. თუმცა, ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ  პარტნიორებთან ვიყოთ თანასწორუფლებიანი და არანაირად ბატონის და მონის პოზიცია არ უნდა დავიჭიროთ.  წავიკითხე ეს წერილი და საკმაოდ ბევრი კითხვის ნიშნებია. არ შეიძლება, თითის ქნევით საუბარი დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან. სასიხარულოა, რომ ეს არ არის სახელმწიფოებრივი პოზიცია და ეს არის ცალკეული პირების პოზიცია. იმედს გვაძლევს, რომ დაინიშნა ახალი ელჩი და ჩვენ ავეწყობით კონსტრუქციულად. სადაც გვაქვს სისუსტე გამოვასწორებთ, მაგრამ რეალობაში, ამ ქვეყნის შვილებს გაცილებით  მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენი ქვეყნის მიმართ, ვიდრე ნებისმიერ სენატორს“ – განაცხადა კობა კობალაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.   

„მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.

მსგავსი თემები