ბარათაშვილის აღმართზე ტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად გადაიკეტება

თბილისის ისნის რაიონში, ბარათაშვილის აღმართის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო და სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში, მოძრაობა ცალმხრივად გადაიკეტება და აღმართის დასაწყისიდან ავლაბრის მოედნამდე, ავტოტრანსპორტი ცალმხრივად იმოძრავებს. კერძოდ, 17 ივლისის, 23:00 საათიდან, ბარათაშვილის ქუჩიდან ავლაბრის მოედნის მიმართულებით, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. 18 ივლისიდან, დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემები. ასევე, შეიცვლება ბარათაშვილის ხიდიდან ავლაბრისკენ მოძრავი მიკროავტობუსების მარშრუტებიც.

ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართზე დაწყებულ სამუშაოებს დღეს ადგილზე გაეცნო თბილისის მერი კახა კალაძე და განაცხადა, რომ ამ ტერიტორიაზე ყველაზე დიდ პრობლემას სანიაღვრე სისტემის არარსებობა წარმოადგენს, რაც მთლიანად მოწესრიგდება. სანიაღვრე სისტემასთან ერთად, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები და მოწესრიგდება გარე განათება.

” მგონია, რომ ძალიან ლამაზი პროექტი გამოვა “, – განაცხადა კახა კალაძემ.

სამუშაოებს დედაქალაქის მერთან ერთად, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე და ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე გაეცნენ.

როგორც მედიაცენტრ “მთავარს” თბილისის მერიაში განუცხადეს, ​რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს სანიაღვრე ქსელის აღდგენას,​ სადრენაჟო სისტემის, ბაზალტის ბორდიურისა და ტროტუარის მოწყობას, ასევე, ახალი მოაჯირებისა და დეკორატიული სანათების მონტაჟს. სამუშაოების ფარგლებში, ჯამში, ასფალტის საფარი 15 000 კვადრატულ მეტრზე დაიგება.

მათივე ინფორმაციით, ​სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ბლექსიგრუპი“ ასრულებს და მის განსახორციელებლად, დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3 233 233 ლარი დაიხარჯება.

 

მსგავსი თემები