ბარათაშვილის აღმართზე საავტომობილო მოძრაობა 2 დღით შეიზღუდება

თბილისში, მეტროსადგურ “ავლაბართან”, ბარათაშვილის აღმართზე მიმდინარე საგზაო სამუშაოების გამო, 28 სექტემბრის 21:00 საათიდან 30 სექტემბრის 09:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის მერიაში განუცხადეს, ორი დღის განმავლობაში სარეაბილიტაციო არეალში ასფალტის საფარის ზედა ფენის დაგება დასრულდება და გზის სავალი ნაწილი 30 სექტემბრისთვის გაიხსნება, დარჩენილი სამუშაოები მხოლოდ ტროტუარზე გაგრძელდება, რაც აღარ შეაფერხებს ავტოტრანსპორტის მოძრაობას.

აღსანიშნავია, რომ ბარათაშვილის აღმართის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის 24 ივლისიდან დაიწყო. პროექტი სანიაღვრე ქსელის აღდგენას, სადრენაჟო სისტემის, ბაზალტის ბორდიურისა და ტროტუარის მოწყობას, ახალი მოაჯირებისა და დეკორატიული სანათების მონტაჟს ითვალისწინებს. სამუშაოების ფარგლებში, ასფალტის საფარი ჯამში 15 000 კვადრატულ მეტრზე დაიგება.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ბლექ სი გრუპი“ ასრულებს და მის განსახორციელებლად, დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3 233 233 ლარი დაიხარჯება.

მსგავსი თემები