ბარათაშვილის აღმართზე განათების თანამედროვე სისტემა ძველი პროექტის მიხედვით მოეწყო  

​თბილისის ისნის რაიონში, ახალრეაბილიტირებული ბარათაშვილის აღმართი LED განათებით განათდა. პროექტის ფარგლებში შპს “თბილსერვის ჯგუფმა” ახალი დიზაინის 27 ერთეული გარე განათების ბოძი და ენერგოეფექტური LED სანათები დაამონტაჟა, ხოლო გარე განათების საკაბელო-საჰაერო ქსელი მიწისქვეშ განთავსდა.

თბილისის მერ კახა კალაძის შეფასებით, ბარათაშვილის აღმართზე ჩატარებული სამუშაოები ხარისხიანად არის შესრულებული, ეს არის სანიმუშო პროექტი და ყველა ქუჩაზე, ყველა რაიონში სარეაბილიტაციო სამუშაოები სწორედ ამ ფორმით უნდა ჩატარდეს.

„ სწორედ ისე აღვადგინეთ საფეხმავლო ბილიკის განათება, როგორც ისტორიულად იყო, წლების წინ. ასეთი ქუჩები სჭირდება ჩვენ ქალაქს. სწორედ დეტალებში იგრძნობა თბილისის განსხვავებულობა, ის, რის გამოც მოსწონთ ჩვენი ქალაქი, როგორც ადგილობრივებს, ისე სტუმრებს. ყველა შეყვარებულია თბილისზე, ვინც ეცნობა ჩვენს ტრადიციებს, ქართველი ხალხის სტუმარ-მასპინძლობას და ამ ყველაფერს გაფრთხილება და მოვლა-პატრონობა სჭირდება. გპირდებით, რომ თქვენთან ერთად, ერთიანი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ, რომ თბილისი აუცილებლად იყოს ყველაზე ლამაზი, მოწესრიგებული, სუფთა და მიმზიდველი ქალაქი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

​როგორც “მედიაცენტრ მთავარს” კომპანიაში განუცხადეს, LED ​სანათები ელექტროენერგიის 60-70%-ით დაზოგვის შესაძლებლობას იძლევა. ​

​ბარათაშვილის აღმართის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 24 ივლისიდან დაიწყო. პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდა სანიაღვრე ქსელი, მოეწყო სადრენაჟო სისტემა, ბაზალტის ბორდიური და ტროტუარი, ასევე, დამონტაჟდა ახალი მოაჯირები.

სამუშაოების ფარგლებში, ჯამში 15 000 კვადრატულ მეტრზე დაიგო ასფალტის საფარი. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ბლექ სი გრუპი“ ასრულებდა და მის განსახორციელებლად, დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3 551 869 ლარი დაიხარჯა.

მსგავსი თემები