ბათუმში დავით აღმაშენებლის ძეგლის დადგმა მომავალი წლისთვის დაიგეგმება

ბათუმში, ერთიანი საქართველოს მეფე, დავით IV აღმაშენებლის ძეგლის ესკიზზე კონკურსი გამოცხადდება, ხოლო მისი დასადგმელი თანხა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში იქნება გათვალისწინებული.

როგორც ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე აცხადებს, ერთიანი საქართველოს ძლევამოსილი მეფის ძეგლი მისივე სახელობის ქუჩასთან, აღმაშენებლისა და აბუსერიძის ქუჩების კვეთაზე აღიმართება. მიწის გამოყოფის შესახებ განკარგულება კი ბათუმის საკრებულოს უახლოეს სხდომაზე გაიცემა.

ბათუმში, დავით აღმაშენებლის ძეგლის დადგმას მოძრაობა “ქართული მარშის” წევრები წელიწადზე მეტია ითხოვენ. ბათუმის მერიასა და საკრებულოში განაცხადი ჯერ კიდევ აგვისტოში შეიტანეს. 5 თვის შემდეგ, მერიიდან მიიღეს პასუხი, რომ ეს საკითხი ქალაქის საკრებულოს გადასაწყვეტი იყო.

“ყველაზე ცუდ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე საქართველოში დადგებოდა ჟამი, როცა აღმაშენებლის ძეგლის დადგმისთვის ბრძოლა მოგვიწევდა. ეს ჟამი დადგა დღეს და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დიდი მეფის ძეგლი აღიმართოს ბათუმში. გარდა ისტორიული მნიშვნელობისა, ამას უკვე პოლიტიკური აქტის სახე მიეცა, რომლითაც ყველას ვეუბნებით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც, რომ ქართველი ერის იდეალი არის დავით აღმაშენებლის დროინდელი, ძლიერი და გამარჯვებული საქართველო”, – აცხადებდა მაშინ “ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე.

აღსანიშნავია, რომ დავით აღმაშენებლის ძეგლი, ამ დროისთვის მხოლოდ თბილისში დგას, რომელიც მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილმა შექმნა.

მსგავსი თემები