ბათუმის ცხელების ცენტრებში ​ამ დროისთვის ​საეჭვო სიმპტომებით 25 პირია გადაყვანილი, რომლებსაც კვლევა უტარდებათ

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოსა და საზღვაო ჰოსპიტალში მოწყობილ ცხელების ცენტრებში ამ დროისთვის კორონავირუსისთვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომებით 25 პირია გადაყვანილი, – ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა მათგანი ექვემდებარება კვლევას. ტესტების პასუხები გვიან ღამით გახდება ცნობილი.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოკვლეული 116 პირიდან არც ერთს არ დაუდასტურდა კორონავირუსი. მათ შორის, 50 პირი უკავშირდება ე.წ. ქობულეთის კლასტერს. გამოკვლეულთა შორის იყვნენ მედიკოსებიც.

რაც შეეხება ინფიცირებულ 14 პირს, მათი მდგომარეობა არ შეცვლილა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი 70 წლის მამაკაცი ისევ მართვით სუნთქვაზეა, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა კი არის საშუალო სიმძიმის და მსუბუქი.

მსგავსი თემები