ბათუმის ყოფილი მერი პატიმრობაში რჩება

ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი მოსამართლემ კვლავ პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა არ დააკმაყოფილა ერმაკოვისა და პატიმრობაში მყოფი მერიის კიდევ ორი ყოფილი მაღალჩინოსნის ადვოკატების შუამდგომლობა პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე.

ადვოკატები ითხოვდნენ გირაოთი გათავისუფლებას იმ პირობით, რომ გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში დაკავებულები სრულად აანაზღაურებდნენ სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზარალს. გარდა ამისა, ბათუმის მოქმედ მერ ლაშა კომახიძესთან გაფორმდა შეთანხმება, რომლითაც დაკავებულები მერიის სასარგებლოდ 480 ათასი ლარის ღირებულების უძრავ ქონებას აგირავებდნენ.

მოსამართლემ განაცხადა, რომ მოქმედ მერთან შეთანხმება მხოლოდ საკრებულოს თანხმობით უნდა გაფორმებულიყო. გარდა ამისა, მოსამართლე მიიჩნევს, რომ შეთავაზებული ქონება მნიშვნელოვნად ჩამორჩება სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის მილიონ 370 ათასი ლარის ოდენობას.

მორიგი სხდომა მხარეებთან შეთანხმების შემდეგ ჩაინიშნება.

ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი და მერიის კიდევ ექვსი ყოფილი თანამშრომელი 30 მაისს ე.წ. იაფი სახლის პროექტთან დაკავშირებით დააკავეს, რომელიც ვერ განხორციელდა. პროკურატურა მათ მილიონ 370 ათასი ლარის გაფლანგვას ედავება. მერიის ოთხი ყოფილი მაღალჩინოსანი მოსამართლემ გირაოს სანაცვლოდ 24 სექტემბერს გაათავისუფლა.

მსგავსი თემები