ბათუმის ტურისტულ ზონებში ზოგადი ხედვის კამერები ამოქმედდა

ზაფხულის სეზონისა და ტურისტული ნაკადის ზრდასთან ერთად, საქართველოს ერთ-ერთ ზღვისპირა საკურორტო ქალაქ ბათუმში 125 ზოგადი ხედვის კამერა 114 ადგილზე უკვე ამოქმედდა. უახლოეს მომავალში კი კიდევ 80 კამერის ამოქმედება იგეგმება.

კამერები საგზაო მონაკვეთების გარდა, ტურისტულ ზონებშია განთავსებული, მათ შორის ძველ ბათუმში და ბულვარის ტერიტორიაზე. ზოგ ქუჩასა და გზატკეცილზე 2 ან მეტი ზოგადი ხედვის კამერა მოქმედებს.

როგორც მედიაცენტრ “მთავარს” შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, სამუშაოები ბათუმის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა და სასერვერო ინფრასტრუქტურა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო,

მათივე განმარტებით, ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირების გარდა, კამერები დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, კრიმინალური შემთხვევების უმოკლეს ვადაში გახსნასა და ზოგადად უსაფრთხო გარემოს გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

ჯარიმის გადახდის წესს რაც შეეხება. სამართალდამრღვევი ჯარიმის დაფიქსირებისთანავე მიიღებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, ხოლო ჯარიმა 10 კალენდარული დღის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში, პირი სარგებლობს 20%-იანი შეღავათით; იმ შემთხვევაში, თუ პირი მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში არ გადაიხდის ვიდეოჯარიმას, საჯარიმო ქვითარი, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მას ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება; ვიდეოჯარიმის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, 30-დან 60 დღის ვადაში, პირს ვიდეოჯარიმა განმეორებით ეგზავნება;

“საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებას ოფიციალურ ვებ-გვერდზე:  საჯარიმო ქვითარი გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა”, – აცხადებენ შსს-ში.

მათივე ინფორმაციით, ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, მოქალაქეს დაერიცხება საურავი, რომლის გადაუხდელობის შემთხვევაში – ამოქმედდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი იძულებითი აღსრულების წესი;

 

მსგავსი თემები