ბათუმის მერია არაქართული სარეკლამო აბრების წინააღმდეგ ზომების გატარებას იწყებს

ქალაქ ბათუმის მერია უნებართვო გარე ვაჭრობის დახლების, სტანდარტების დარღვევით დაკავებული ტროტუარებისა და საპლაჟო ზოლის მაგიდებისა და სკამებისგან გათავისუფლებას იწყებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა, ძველი ბათუმის ტერიტორიაზე არსებული კვების ობიექტების მფლობელები გააფრთხილეს და სამდღიანი ვადა მისცეს.

ბათუმის მერია სარეკლამო აბრების მფლობელებსაც მოუწოდებს დაიცვან კანონი და ობიექტების სარეკლამო დაფებზე წარწერები, მხოლოდ უცხო ენაზე არ დაიტანონ.

“უნებართვო გარევაჭრობისა და ტროტუარების შეზღუდვის მონიტორინგის შემდეგ, ბათუმის მერია ქალაქის საპლაჟო ზოლში უნებართვოდ განთავსებული ობიექტების მეპატრონეებს, აღნიშნული ობიექტების დემონტაჟის შესახებ აფრთხილებს. ობიექტების მეპატრონეებმა გაფრთხილებები უკვე მიიღეს. სამი დღის ვადაში, მათ ობიექტის დემონტაჟი და ტერიტორიის გათავისუფლება უნდა უზრუნველყონ. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მერიის შესაბამისი სამსახური თავად განახორციელებს ობიექტების დემონტაჟსა და ტერიტორიიდან გატანას. მეპატრონის მიმართ კი კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდება”, – განუცხადეს “მედიაცენტრ მთავარს” ბათუმის მერიაში.

მსგავსი თემები