„ბავშვი ითხოვდა შველას, პოლიციამ ბინაში შესვლაზე უარი განაცხადა, არასრულწლოვანი მოკლულია“ – მიმართვა პოკურატურას

საკუთარი ბიძის მიერ მოკლული 13 წლის გოგიტა ირემაძის ოჯახის წევრები და ადვოკატი პროკურატურას მიმართავენ. როგორც ისინი აცხადებენ, აუცილებელია, პროკურატურამ ძიება პოლიციის თანამშრომლებისა და ექმების მიმართ დაიწყოს. მოკლულის ოჯახის წევრებმა პრესკონფერენცია „მედიაცენტრ მთავარში“ გამართეს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ საქართველოს მთავარ პროკურატურას არაერთხელ მიმართა, დაწყებულიყო გამოძიება პოლიციის თანამშრომლებისა და ექიმების მიმართ, რომელთა შესაძლო სამსახურეობრივმა გულგრილობამ გამოიწვია 13 წლის მოზარდის სიკვდილი, თუმცა, დღემდე არ დამდგარა შესაბამისი სამართლებრივი შედეგი. გოგიტა ირემაძის მკვლელობის ფაქტზე გამოძიება ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურაში მიმდინარეობს, თუმცა თებერვლის თვიდან-დღემდე გამოძიებას არ გამოუკვეთავს საქმეში მონაწილე პოლიციის თანამშრომლებისა და სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლების პასუხისმგებლობის საკითხი“ – აღნიშნა ადვოკატმა ეკა კობესაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

13 წლის გოგიტა ირემაძე 2019 წლის 10 თებერვალს საკუთარ სახლში საკუთარმა ბიძამ მოკლა. ეს ხმაურიანი ისტორია ყველასთვის კარგადაა ცნობილი. საქმე ეხება ვ.ი-ს, რომელიც, თითქოს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში არ მიიღეს, რადგან მათი პაციენტი არ იყო. სახლში დაბრუნებულმა კი საკუთარი ძმის შვილი მოკლა.

მოკლულის ოჯახის ინფორმაციით, ბრალდებულ ვ.ი.-ს მკვლელობამდე ორი კვირით ადრე ჰალუცინაციები ჰქონდა და აღნიშნავდა, რომ ყველას სათანადოდ გაუსწორდებოდა, ვინც მას უთვალთვალებდა.

„მკვლელობის წინა დღეს, 2019 წლის 9 თებერვალს, ვ.ი.-ს მეგობრებმა სასწრაფო გამოიძახეს და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად ვ.ი. რუსთავის ე.წ. „აზოტისკლინიკაში“ გადაიყვანეს, საიდანაც იგი ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში გადაიყვანეს. იგი მალევე გასინჯეს და სახლში გაუშვეს იმ მოტივით, რომ მას ჰოსპიტალიზაცია არ სჭირდებოდა. ექიმებმა არ შეაფასეს სათანადოდ საფრთხისშემცველი რისკები და პაციენტი, რომელიც სავალდებულო ფსიქიკურ მკურნალობას საჭიროებდა სახლში გაუშვეს, რამაც საფრთხე შეუქმნა მისი ოჯახის წევრების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას“ – განაცხადეს ოჯახის წევრებმა „მედიაცენტრ მთავარში“.

როგორც ადვოკატმა განაცხადა, პოლიციას დროულად რომ ემოქმედა, ბავშვის გადარჩენა შესაძლებელი იყო: „კლინიკიდან სახლში დაბრუნების შემდეგ, მეორე დღეს, ვ.ი.-მ 10 თებერვალს 13 წლის მოზარდი მოკლა. შემთხვევის დროს გამოძახებული იყო საპატრულო პოლიცია, მათ ჰქონდათ ინფორმაცია რომ ფსიქიკური პრობლემების მქონე პირი შეიარაღებული იყო ცივი იარაღით და მასთან იმყოფებოდა არასრულწლოვანი, რომელსაც მოკვლით ემუქრებოდა. ბავშვი ითხოვდა შველას, თუმცა პოლიციის თანამშრომლებმა ბინაში შესვლაზე უარი განაცხადეს, პოლიციის თანამშრომლები არ დაეხმარენ, მოზარდი განსაცდელში მიატოვეს, რამაც გამოიწვია არასრულწლოვნის მკვლელობა. მიუხედავად იმისა, რომ ბინა საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე იყო და ღია ფანჯარაში ადვილად შეიძლებოდა შესვლა და ბავშვის გადარჩენა. პოლიციის თანამშრომლები ელოდებოდნენ სამაშველო სამსახურს, რა დროსაც მოძალადემ სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 13 წლის გოგიტა ირემაძეს“.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოითხოვს, 13 წლის გოგოტა ირემაძის მკვლელობის ფაქტზე დაწყებული გამოძიება გაგრძელდეს საქართველოს მთავარ პროკურატურაში და დადგეს საქმეში მონაწილე პოლიციის თანამშრომლებისა და სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლების პასუხისმგებლობის საკითხი.

მსგავსი თემები