ბავშვის უფლებათა დაცვის კოდექსი ხვალ განსახილველად საპარლამენტო კომიტეტებს გადაეცემა

სოფო კილაძის ინიციატივით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ფარგლებში შემუშავებული ბავშვის უფლებათა კოდექსი ხვალ განსახილველად საპარლამენტო კომიტეტებს გადაეცემა. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, აღნიშნული კოდექსი წარმოადგენს სახელმწიფოს ხედვას, კონკრეტული მექანიზმების საფუძველზე, თუ როგორ უნდა მოხდეს თითოეული ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

„პრევენცია არის კოდექსის მთავარი ქვაკუთხედი, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში შეამცირებს სიღარიბეს, კრიმინალს, ძალადობას, ნარკო/ალკო/თამაშდამოკიდებულებას.”- აღნიშნავს სოფო კილაძე.

მისივე თქმით, კოდექსი მოიცავს ძირითად სიახლეებს, რომელთა შედეგადაც:

ძლიერდება ოჯახი და იქმნება ოჯახის მატერიალური და არამატერიალური მხარდამჭერი  პროგრამები, ბავშვი არ განცალკევდება ოჯახიდან მხოლოდ იმის გამო, რომ მშობელს არ აქვს სათანადო საცხოვრებელი პირობები ან ფინანსური სახსრები;

ძლიერდება ბავშვთა ალტერნატიული ოჯახური ზრუნვა;

იქმნება გარანტიები ბავშვის განათლების მიღების უფლების უზრუნველყოფისთვის;

იქმნება გარანტიები ბავშვის ჯანმრთელობის დაცვის უფლების უზრუნველყოფისთვის;

ძლიერდება ბავშვის სოციალური დაცვა და იქმნება გარანტიები ბავშვის ცხოვრების სათანადო სტანდარტით უზრუნველყოფისთვის;

ძლიერდება ბავშვის სოციალური აქტივობა, რაც გულისხმობს იმგვარი პროგრამების ფუნქციონირებას, რომლებიც  უზრუნველყოფს ბავშვის მიერ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარის და ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბებას;

ძლიერდება ბავშვის სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა, რაც გულისხმობს პროგრამებს, რომლებიც ითვალისწინებს ყველა ბავშვის თანაბარი მონაწილეობის მხარდაჭერას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მათ შორის, საგანმანათლებლო, საინფორმაციო, სპორტული, კულტურული და პროფესიული ორიენტაციის ღონისძიებების საშუალებით;

ძლიერდება ბავშვის მოხალისეობის ხელშეწყობა;

იქმნება ძალადობისგან ბავშვთა დაცვის ახალი სისტემა, მათ შორის, საგანმანათლებლო დაწესებულებებში იქმნება ბავშვთა მიმართ ძალადობის და ბავშვთა შორის ჩაგვრის (ე.წ. ბულინგის) პრევენციისა და რეაგირების სისტემა;

იქმნება დანაშაულის შედეგად დაზარალებული, ძალადობის მსხვერპლი და მოწმე ბავშვების მხარდაჭერის ახალი სერვისები; ძლიერდება ბავშვის დაცვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ტოქსიკური და  სხვა მავნე ნივთიერებისგან;

იქმნება მასობრივ გასართობ საცეკვაო ცენტრებში (ღამის კლუბებში) ღამის საათებში ბავშვთა დაშვების პრევენციის სისტემა;

იქმნება მავნე ზეგავლენის შემცველი ინფორმაციისგან ბავშვის დაცვის სისტემა, რაც გულისხმობს როგორც მედიიდან, ასევე, ინტერნეტიდან მომდინარე მავნე ზეგავლენიდან (განსაკუთრებულად უხამსი, ძალადობის ან სხვაგვარი საფრთხის შემცველი შინაარსი) დაცვა;

იქმნება საჯარო ღონისძიებებში ბავშვის უსაფრთხოების დაცვის სისტემა, მათ შორის ჯგუფური ტრანსპორტირების შემთხვევებში;

იწყება ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების რეფორმა, რაც გულისხმობს მექანიზმებს ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების უზრუნველყოფისთვის ადმინისტრაციულ და სამოქალაქო დავებში;

იქმნება ბავშვთა და მშობლების/აღზრდაზე პასუხისმგებელი პირების ინფორმირებისა და კონსულტაციის მექანიზმები;

ძლიერდება ბავშვის პერსონალური მონაცემების დაცვა;

ინერგება მულტიდისციპლინური მიდგომა ადმინისტრაციულ წარმოებასა და სამოქალაქო/ადმინისტრაციულ მართლმსაჯულებაში;

ინერგება ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალების ბავშვზე სპეციალიზებული მომსახურების სისტემა;

ინერგება ბავშვთა საქმეების პრიორიტეტული განხილვა ადმინისტრაციულ წარმოებასა და სასამართლოში;

ბავშვებთან დაკავშირებულ დანაშაულებზე იზრდება ხანდაზმულობის ვადა;

ინერგება მექანიზმი მოსაზრების გამოხატვასა და სათანადოდ გათვალისწინებაზე ბავშვის უფლების რეალიზებისთვის;

ბავშვს ეძლევა  უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის უფლება;

იქმნება ბავშვის გარანტია წარმომადგენლობაზე;

განისაზღვრა გადაწყვეტილებების დასაბუთების საფუძვლები, რაც გულისხმობს ბავშვის უფლებებთან დაკავშირებულ საქმეებზე გადაწყვეტილების მიღებისას და დასაბუთებისას ადმინისტრაციული ორგანო და სასამართლო უპირატესობას ანიჭებს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და ასაბუთებს გადაწყვეტილებას;

იქმნება ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე ზეგავლენის შეფასების სახელმწიფო მექანიზმი;

იქმნება ანგარიშვალდებულების, კოორდინაციისა და მონიტორინგის მექანიზმი;

 იქმნება ბავშვთა საკითხების მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის ერთიანი სახელმწიფო სისტემა;

ინერგება ბავშვის მხარდაჭერის განმახორციელებელი პირების ახალი პროფესიული სტანდარტები;

იქმნება ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო.

კომიტეტის თავმჯდომარემ, ასევე აღნიშნა, რომ ბავშვის უფლებათა კოდექსის შემუშავების პროცესი მიმდინარეობდა გამჭვირვალედ და მასში მონაწილეობას ღებულობდა სამთავრობო უწყებები, საერთაშორისო ორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი, ექსპერტები და სხვა დაინტერესებული პირები.

კოდექსს მხარდაჭერას უწევს გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობა საქართველოში.​

მსგავსი თემები