ბავშვთა საგზაო უსაფრთხოებისთვის “სკოლის ზონები” უნდა მოეწყოს – დავით მესხიშვილი  

არასამთავრობო ორგანიზაცია “ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის” წევრები მოითხოვენ, საგზაო მოძრაობის წესების ფარგლებში შეიქმნას “სკოლის ზონა”, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვთა საგზაო უსაფრთხოებას.

​როგორც ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი განმარტავს, “სასკოლო ზონა” არის ის ტერიტორია, სადაც სკოლის გარშემო მოქმედებს უსაფრთხოების საგანგებო წესები. სასწავლო დაწესებულებიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით უნდა განთავსდეს საგზაო ნიშნები, რომლებიც მძღოლს ამცნობს რომ უახლოვდება  სკოლას, რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ უნდა დახვდეს მეორე საგზაო ნიშანი, რომ იმყოფება სკოლის მიმდებარედ.

​მისივე თქმით, “სასკოლო ზონაში” აუცილებლად უნდა იყოს ზებრა გადასასვლელი, სიჩქარის შემაფერხებლები, ასევე, განთავსებული უნდა იყოს მონიტორი, რომელიც მძღოლს მიანიშნებს, რომ სიჩქარე უნდა დააგდოს.

“რიგ ქალაქებში ასევე, იყენებენ მძღოლზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების საშუალებას, კერძოდ, სკოლების სიახლოვეს გამოფენილია ხოლმე ბავშვების ნახატები, რომლებიც მძღოლებს აიძულებს სიჩქარის დაგდებას”, – აცხადებს დავით მესხიშვილი.

​მისივე ინფორმაციით, ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია 2 წელია მუშაობს და ატარებს კვლევებს ბავშვთა საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე, რომლის შედეგადაც გამოიკვეთა, რომ საქართველოში დღეს, არათუ დაცული არ არის ბავშვთა საგზაო უსაფრთხოება, არამედ ასეთი ტერმინიც კი არ არსებობს.

“უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში გარდაცვლილ ბავშვთა რაოდენობა (12 წლამდე) 150-ს აღწევს, ხოლო დაშავებულ-დასახიჩრებული 3000-ზე მეტია. ჩვენი ინიციატივა “სკოლის ზონების” მოწყობის შესახებ, რომელიც გულისხმობს სკოლის მიმდებარედ საგზაო უსაფრთხოების განსაკუთრებული ნორმების ამოქმედებას, წარმატებით არის დანერგილი ევროკავშირის ქვეყნებში”, – აცხადებს დავით მესხიშვილი.

მსგავსი თემები