ბავშვთა პორნოგრაფიის საქმემ, შესაძლოა ქვეყნის რამდენიმე რეგიონი მოიცვას

ბავშვთა პორნოგრაფიის სქემაში გორის და თბილისის გარდა, შესაძლოა, სხვა ქალაქის მაცხოვრებლებიც იყვნენ ჩართული. ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელიც ევროპის პოლიციის სამსახურმა საქართველოს გამოუგზავნა.

ერთ-ერთ საეჭვო ადგილად ევროპოლი სამტრედიასა და იქ მდებარე ორ ფოტოსტუდიას ასახელებს.

გზავნილში ქართველ კოლეგებს ევროპელი გამომძიებლები 6 საეჭვო ფოტოზე უთითებენ, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონშია გადაღებული. ფოტოების დეტალური შესწავლის შედეგად, ევროპის პოლიციის სამსახურმა ძალოვან უწყებებს მოუწოდა, დაინტერესებულიყვნენ კონკრეტული პირებით, რომლებიც ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეში ფიგურირებენ.

დაადგინეს, რომ ავეჯი და სხვა ნივთები, რომლებიც გამოსახულებაზე ჩანს, სალონი “დიადემის” ინტერიერის იდენტურია. სხვადასხვა საიტის მომხმარებლების გაშიფვრის დროს კი ქართველი ფოტოგრაფის კვალს მიაგნეს.

სტუდიების მფლობელები ადასტურებენ, რომ მშობლებს საკუთარი მოზარდები მიჰყავთ და ფოტოსესიებში იღებენ მონაწილეობას. სალონ “დიადემას” დამფუძნებელი ადასტურებს, რომ 13-14 წლის გოგონებს მშობლები სურათებს სხვადასხვა ფორმაში ხშირად უღებენ, თუმცა რისთვის, უცნობია.

ორი ფოტოგრაფი, რომლითაც დაინტერესებას ქართულ მხარეს ევროპოლი სთხოვს, კატეგორიულად უარყოფს პირდაპირ კავშირს ბავშვთა პორნოგრაფიის საქმესთან.

კიდევ ერთი ადგილი, რომელზეც ევროპოლი მიუთითებს და რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერ ისევ გასაიდუმლოვებული აქვს, მიხეილ მესხის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაა. 

კვინსლენდის პოლიციის თანამშრომლის წერილზე მუშაობა ჯერ არ დასრულებულა, რაც ქმნის საფუძველს, რომ კონკრეტული პირების დანაშაულში მხილების მიზნით, სხვადასხვა ფარული საგამოძიებო მოქმედებები ისევ გრძელდება.

მსგავსი თემები