“ბავშვთა დღეს” დატრიალებული ტრაგედიის დეტალები – მთაწმინდის საბაგიროს ავბედითი კონსტრუქციის შესახებ

28 წლის წინ, ზაფხულის პირველი დღეს თბილისში, საზარელი ტრაგედია დატრიალდა. 1990 წლის პირველ ივნისს, მთაწმინდის საბაგიროზე მომხდარ უბედურ შემთხვევას 19 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 42 –  დაშავდა. მგზავრების ნაწილი ახალციხის №5 საშუალო სკოლის მოსწავლეები იყვნენ, რომლებიც მთაწმინდის პარკის დასათვალიერებლად ექსკურსიაზე ჩამოვიდნენ „ბავშვთა დღის“ აღნიშნავად. მცირე ნაწილი ჯარისკაცები, დანარჩენი კი უბრალო მოქალაქეები. ავარიის დღეს ქვემოთ მომავალ კაბინაში 46 ადამიანი იმყოფებოდა ხოლო ზემოთ მიმავალში 47.

​როგორც მედიაცენტრ “მთავარს” არასამთავრობო ორგანიზაცია “ურბანული ლაბორატორიის” წევრი ირაკლი ჟოჟუაშვილი განუმარტავს,​ ​უბედური შემთხვევა ორი კაბინის მონაწილეობით მოხდა, რომლებიც რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის დამაკავშირებელ საბაგიროზე მოძრაობდნენ. წითელი კაბინა ნომერი 2 მთაწმინდის პარკისკენ მიემართებოდა და სულ რამდენიმე მეტრი აშორებდა ზედა ანძას, ასევე წითელი კაბინა ნომერი 1 რუსთაველის გამზირისკენ ეშვებოდა და ქვედა სადგურს უახლოვდებოდა, როდესაც ზემოთ მიმავალი კაბინას ქუროში საწევი ბაგირი გაწყდა. ორივე კაბინა პარალელურად დაგორდა, არ იმოქმედა საავარიო სამუხრუჭე სისტემამ.

მისივე ინფორმაციით, ქვევითა კაბინა ქვედა სადგურის კედელს შეეჯახა, რა დროსაც დაიღუპა 4 და ბევრი ადამიანი დაშავდა, ზევითა კაბინამ მაღალი სისწრაფის აკრეფა დაიწყო, საავარიო სამუხრუჭე სისტემამ არც ამ შემთხვევაში იმუშავა. რაც უფრო უახლოვდებოდა კაბინა საყრდენს, მის ქუროზე ქვემოთა მხრიდან ჩაბმული კუდის ბაგირი მოეშვა და ქვედა საყრდენის როლიკებზე ჩამოეკიდა. ქვედა საყრდენს ვაგონის ქურო და ურიკა, ჩამოკიდებულ კუდის ბაგირს და საყრდენის როლიკებს იმდენად ძლიერად შეეჯახა, რომ კუდის ბაგირმა კაბინა ორ ნაწილად გაჭრა, ხოლო მზიდი ბაგირი საყრდენი ანძის ღარიდან გადმოვარდა. ბაგირზე შერჩენილმა გაგლეჯილმა კაბინის ნახევარმა დაგორება განაგრძო და ექვსსართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავთან გაჩერდა. კაბინის გაგლეჯისას ადამიანები, დაახლოებით 20 მეტრის სიმაღლიდან  ექვსსართულიანი შენობის სახურავზე, მის ეზოში და დაკიდულ ბაღებზე ჩაცვივდნენ. 15 ადამიანი დაიღუპა ადგილზე, 4 კი მოგვიანებით საავადმყოფოში. 42 ადამიანმა მძიმე დაზიანებები მიიღო.

ავბედითი რეკონსტრუქცია

საბაგირო 1958 წელს აიგო ვახტანგ ლეჟავას პროექტის მიხედვით, რომელიც 3 კოშკურა საყრდენს მოიცავდა (20, 10 და 12 მეტრის სიმაღლით). მგზავრების მომსახურება 1959 წლის 1 მაისს დაიწყო.

1987 წელს გადაწყდა რომ საბაგირო თითქმის 30 წლიანი მსახურობის შემდეგ რეკონსტრუქციას საჭიროებდა, რეკონსტრუქციის პროექტი, კვლავაც პირველი ვერსიის დაპროექტებელმა ვახტანგ ლეჟავამ მოამზადა, რომელშიც მთავარი სიახლე სამი საყრდენიდან ორ საყრდენზე გადასვლა იყო.

შედეგად, შეიცვალა ქვედა საყრდენი, 20 მეტრიანის მაგივრად დაიდგა 25 მეტრიანი. ზედა ორი დაბალი,10 და 12 მეტრის სიმაღლის საყრდენის ნაცვლად, რომელზეც საბაგირო მცირე თანაბარი ტეხილი კუთხით გადადიოდა, დაიდგა მაღალი, 20 მეტრიანი საყრდენი, რის შედეგადაც ახალი კაბინები ზედა სადგურიდან ჰორიზონტალურად მიემართებოდნენ ანძისკენ, შემდეგ კი ძალიან მახვილი კუთხით და მოწყვეტით ეშვებოდნენ.

​ირაკლი ჟოჟუაშვილის მიერ “მთავარისთვის” მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სტანდარტული ქართული „თბილავიამშენის“ წარმოების ოვალური კაბინები, რომელთაგან თითოეული 25 ადამიანს იტევდა, შეცვალეს, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს პროექტით გათვალისწინებული არ იყო და რომ განახლებულ საბაგიროზე კვლავაც ქართულ კაბინებს უნდა ემოძრავა. ახალი კაბინები მართკუთხა ფორმის იყო და 40 ადამიანს იტევდა. იტალიური კომპანია “კაროცერია ნარდოს” მიერ დამზადებული კაბინები თბილისს, ასევე, იტალიურმა კომპანია „ჩერეტი & ტანფანიმ“ მიაწოდა.

“ეს ცვლილება განხორციელდა მგზავრთბრუნვის გაზრდის მიზნით, რადგან საბაგიროზე მუდამ დიდი რიგები იყო. ეს ცვლილება საბაგიროს რეკონსტრუქციის პროექტის ავტორ ვახტანგ ლეჟავასთან შეთანხმებული არ ყოფილა. რეკონსტრუქციის პროცესში არ შეცვლილა გამწევი და კუდის ბაგირები, რომლებიც უკვე 18 წელი იყო გამოყენებაში. ასევე, ცნობილია რომ ქართველმა სპეციალისტებმა ვერ შეძლეს ახალი კაბინების საავარიო სამუხრუჭე სისტემის დარეგულირება და მოქმედებაში მოყვანა, ამის მიუხედავად საბაგირო, მაინც ჩაეშვა ექსპლოატაციაში უმოქმედო მუხრუჭებით, რომელთა გამართულობის შემთხვევაში, გამწევი ბაგირის გაწყვეტისას ორივე კაბინა მყისიერად გაჩერდებოდა, მუხრუჭების მზიდ ბაგირზე ჩაჭერის შედეგად და მსხვერპლის თავიდან აცილება გარანტირებული იქნებოდა”, – აცხადებს ახალგაზრდა სპეციალისტი.

რატომ არ მიიწვიეს იტალიელი სპეციალისტები სამუხრუჭე სისტემის გასამართავად, გაურკვეველია.

​ირაკლი ჟოჟუაშვილის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ვახტანგ ლეჟავა საბაგიროს არსებული დარღვევებით და პროექტისთვის გვერდის ავლით მონტაჟს და ექსპლოატაციაში გაშვებას ეწინააღმდეგებოდა, საბაგიროს მიღება – ჩაბარების აქტისთვის მას ხელი არასდროს მოუწერია.

სპეციალურად შექმნილმა კომისიამ ტრაგედიის გამომწვევ მიზეზად საწევი ბაგირის გაწყვეტა და დამჭერი მოწყობილობის პრობლემა დაასახელა, საქმის გამოძიების მიმდინარეობისას დაიკარგა ზემოთ მიმავალი კაბინის ქურო, რომლეშიც ჩატყდა გამწევი ბაგირი.

საქმესთან დაკავშირებით ჭიათურელი სპეციალისტები დაკითხეს. შედეგად გაირკვა, რომ ვაგონების ქუროებიც დარღვევით იყო ჩასხმული.
“საბჭოთა ხელისუფლების აგონიის პირობებში და ქვეყანაში მიმდინარე მძიმე პოლიტიკური პროცესების გამო, საქმის გამოძიება და დამნაშავეების გამოვლენა ჯეროვნად არ განხორციელდა. მხოლოდ რამდენიმე ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლებით შემოიფარგლნენ. ნამდვილი დამნაშავეები და მცდარი გადაწყვეტილების მიმღები ჩინოვნიკები კი დაუსჯელნი დარჩნენ”, – აცხადებს ირაკლი ჟოჟუაშვილი.

ტრაგედიიდან 3 წელიწადში დეფორმირებული კაბინები და გამწევი ბაგირი ჩამოხსნეს. მზიდი ბაგირის დემონტაჟი ეტაპობრივად განხორციელდა 2005 წლიდან 2010 წლამდე პერიოდში. საყრდენი და სადგურები შენარჩუნდა.

ტრაგედიის 19 მსხვერპლი
კაბინა №1 (რომელიც ქვედა სადგურს დაეჯახა)

მგზავრები:

ბექა სალუქვაძე (5 წლის), ახალციხე
თამაზ თარხნიშვილი (12 წლის), ახალციხე
თემურ ჯინჭველაძე (13 წლის), ახალციხე
ასმათ ზედგენიძე (59 წლის), ახალციხე
კაბინა №2 (რომელიც კუდის ბაგირმა გაგლიჯა ჰაერში)

საბაგირო კაბინის გამცილებელი:

გურამ ფირცხალავა (45 წლის), თბილისი

მგზავრები:

მირანდა ვერულაშვილი (5 წლის), აბაშა
ზვიად კუტალაძე (16 წლის), თბილისი
დარეჯან ასლანიშვილი (18 წლის), კასპი
ალოვსად ისმაილ ოღლი ორუჯევი (18 წლის), სამხედრო
ილხან აიდინ ოღლი მიქაელოვი (19 წლის), სამხედრო
ტარლან მოვლან ოღლი აბდულაევი (19 წლის), სამხედრო
გივი გოზალოვი (19 წლის), სამხედრო
სვეტლანა გულბანი (23 წლის), გუდაუთა
მაია ხუციშვილი (26 წლის), გარდაბანი
გიორგი რუსია (30 წლის), თბილისი
ქეთევან წიწავა (33 წლის), ზუგდიდი
ნატალია ანდიევსკაია-გაბეცაძე (34 წლის), თბილისი
ვლადიმერ ვახტანგიშვილი (34 წლის), თბილისი
მიხეილ დანგაძე (39 წლის), წყალტუბო

 

მსგავსი თემები