ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობამ იკლო

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა სისხლში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით გასულ წელს ჩატარებული კვლევის შესახებ ისაუბრა. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ორგანიზმში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებითმა და საგანმანათლებლო მუშაობამ პირველი შედეგები უკვე გამოიღო – ტყვიის განმეორებითი ანალიზის შედეგების მხრივ, პოზიტიური ტრენდია.

როგორც მან აღნიშნა, ოჯახები, სადაც კვლევისას ტყვიის შემცველობა მომატებული იყო, ხელახლა შემოწმდნენ და ამ მხრივ პოზიტიური შედეგია. გამყრელიძის თქმით, ყველაზე საყურადღებოა და რამდენიმე კვლევითაც იკვეთება სუნელების მნიშვნელობა – ზოგიერთ შემთხვევაში სათამაშოები, ასევე, შესაძლებელია საღებავებიც.

„შედეგების მხრივ, სხვათა შორის, პოზიტიური ტრენდია. ვნახეთ, რომ კლებისკენ მიდის. პირველად როცა შევიდნენ, მისცეს რჩევა-დარიგება, თუ როგორ მოიქცნენ ოჯახის წევრები, როგორ დაალაგონ სახლი. ამ ახსნა-განმარტებითმა და საგანმანათლებლო მუშაობამ პირველი შედეგები უკვე გამოიღო. ხშირად მისვამენ კითხვას, კატასტროფასთან გვაქვს საქმე თუ არა. არა, ბატონო. მოსახლეობას კიდევ ერთხელ მივმართავ. ეს არ არის შემაშფოთებელი, საყურადღებო მონაცემებია, რაც ამ კვლევამ გვაჩვენა.

16 ოჯახი, სადაც ყველაზე მაღალი იყო ტყვიის შემცველობა, იქნა შესწავლილი ყოველმხრივ. შევიდნენ ჩვენი ეპიდემიოლოგები, პედიატრები, გარემოს სპეციალისტები, სოფლის მეურნეობის სპეციალისტები და შეისწავლეს ეს თექვსმეტივე ოჯახი. ამის გარდა, ივლისში ამერიკული ორგანიზაციის ერთ-ერთი სპეციალური ჯგუფი, რომელსაც დიდი საერთაშორისო გამოცდილება აქვს ტყვიასთან დაკავშირებით, მოვიწვიეთ. მათ სპეციალური აპარატურით შეისწავლეს იგივე 16 ოჯახი, ასევე საკონტროლო ოჯახები. გამოიკვლიეს ტყვიის შემცველობა საღებავებში, ჰაერში, წყალში, საკვებში. ამას გარდა, სახელმწიფომ ივლისში დაიწყო დიდი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მიმდინარეობს. ამ 650 ბავშვს, სადაც მომატებული იყო, მათი ოჯახების შესწავლა ხდება სრულად. უკვე 35%-მდე შესწავლილია. სადაც ვნახულობთ, რომ დახმარება სჭირდებათ, იმათ ეძლევათ რკინის პრეპარატები, ვიტამინები, კალციუმი პრეპარატები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში ჩატარებულმა მრავალკომპონენტიანმა და ერთ-ერთმა ყველაზე მასშტაბურმა კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვების ორგანიზმში, ტყვიის შემცველობა დასავლეთ საქართველოსა და მაღალმთიან აჭარაში საკმაოდ მოჭარბებულია. ამის მიზეზებზე “მედიაცენტრ მთავართან” დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ ისაუბრა.

„კვლევამ გამოავლინა, რომ აღმოსავლეთ საქართველოსთან შედარებით, ბავშვების ორგანიზმში ტყვიის შემცველობის მომატებით, დასავლეთ საქართველო გამორჩეულია. რა არის ამის მიზეზი და რა არის კონკრეტულად ტყვიის მომატების წყარო, ამას კვლევის შემდეგი ეტაპი დაადგენს, თუმცა, რამდენიმე ოჯახში, სადაც ტყვიის მაღალი კონცენტრაცია დაფიქსირდა, ოჯახის წევრი არის მონადირე ან მეთევზე. საფანტი, რითაც ნადირობენ, არის ტყვია. მეთევზეები ტყვიას იყენებენ როგორც სიმძიმის წყაროს. ასევე, დაფიქსირდა, რომ ტყვიის შემცველ „ჩაქუჩს“ იყენებენ კაკლის გასატეხად, ტყვიის ნაწილაკები ხვდება კაკალზე, კაკალი კი პირში და ასე ხვდება ტყვია ადამიანის ორგანიზმში“ – განაცხადა პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე ინფორმაციით, მონადირეთა ნაწილი საფანტს თავად ამზადებს სახლში, რაც განსაკუთრებით საშიშია, რადგანაც, საფანტი იგივე ტყვიაა.

ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ასევე, გაერო-ს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, ტყვიის მსოფლიო კვირეულისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია იმართება. წელს კვირეული 20-26 ოქტომბერს ჩატარდება სლოგანით – აკრძალე ტყვია საღებავებში!

მსგავსი თემები