ბავშვების ინტერნეტ-საფრთხეებისგან დასაცავად კანონმდებლობაში ცვლილებები შედის

ონლაინ რისკებისაგან არასრულწლოვანთა დასაცავად ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივით საქართველოს კანონებში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ ცვლილებები შედის. ხუნდაძის ინიციატივით მომზადებული კანონპროექტი ბავშვების  იმ საფრთხეებისგან დაცვას გულისხმობს, რაც ინტერნეტიდან მომდინარეობს.

როგორც კანონპროექტის ავტორი „მთავართან“ საუბრისას აცხადებს, კანონპროექტის მომზადება, ონლაინ რისკებისაგან არასრულწლოვანთა დაცვის აუცილებლობამ განაპირობა.

„ამ კანონის მიზანია არასრულწლოვანთა დაცვა ინტერნეტსივრცეში ისეთი სახის ინფორმაციისაგან, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ ჯანმრთელობას და განვითარებას“ აცხადებს ხუნდაძე.

რაც შეეხება რისკის ტიპებს, ესენია: კონტენტისა და კონტაქტის რისკები; სამომხმარებლო რისკები და პირადი ინფორმაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები.

“კანონპროექტის მიზანია ბავშვებისათვის უფრო მეტად დაცული ვირტუალური სამყაროს შექმნა, რომ ინტერნეტი გავხადოთ უსაფრთხო ადგილი, სადაც ყველა ასაკის ბავშვი შეძლებს ახალი ტექნოლოგიების ყველა სპექტრისა და შესაძლებლობების გამოყენებას”- აცხადებს დეპუტატი „მთავართან“ საუბრისას.

მისივე შეფასებით, აღნიშნული ინიციატივა პროვაიდერების შეზღუდავს არ გულსხმობს: ”სახელმწიფო არ აწესებს კონტროლს ინტერნეტ სივრცეზე. საუბარია ბავშვების არასასურველ ინფორმაციაზე წვდომისგან დაცვაზე. თუ მშობელი ჩათვლის, რომ მის შვილს უნდა ჰქონდეს წვდომა ასეთი ტიპის ინფორმაციაზე, ეს მისი გადასაწყვეტია, თუმცა მშობლები კმაყოფილებას გამოთქვამენ ამ ინიციატივასთან დაკავშირებით და ვფიქრობ, მოვახერხებთ, რომ ეს საკითხი კონკრეტულ შედეგამდე მივიყვანოთ. ინიციატივის მიხედვით, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელს სხვადასხვა ვალდებულებები ეკისრება. ერთ-ერთი რეგულაციაა ფილტრაციის პროგრამები პროვაიდერთათვის. მათ უნდა მოეთხოვოთ ინფორმაციის მუდმივი მონიტორინგი და ნებისმიერი სახის უკანონო ინფორმაციის წაშლა მისი საზოგადოებისთვის მიწოდებამდე. ყველა წამყვან სახელმწიფოში არსებობს რეგულაციები, რომელთაც ექვემდებარება ბავშვებისთვის უსაფრთხო ინტერნეტის მოხმარება. ვფიქრობთ, ეს საკითხი დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.“

კანონპროექტის განხილვა საპარლამენტო კომიტეტებში მიმდინარე კვირას იგეგმება.

მსგავსი თემები