ბაგებში მომხდარ დაჭრასთან დაკავშირებით დაკავებულია ორი პირი

თბილისში ჯგუფურად ძალადობის, ორი პირის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს რაიონული სამმართველოს და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1962 წელს დაბადებული მ.ხ. და 1980 წელს დაბადებული მ.გ. თბილისში დააკავეს.

მ.ხ.-ს ბრალი ქ. თბილისში ი. ჭავჭავაძის ქუჩა N83-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯგუფურად ჩადენილ ძალადობაში, ხოლო მ.გ.-ს ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა- ტარებაში ედება.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მ.ხ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1988 წელს დაბადებულ ვ.კ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო მ.გ.-მ დანის და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებები 1980 წელს დაბადებულ გ.წ.-ს და 1994 წელს დაბადებულ ი.პ.-ს მიაყენა.

სამართალდამცველებმა, მ.გ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღები – დანა და სავარაუდოდ ცეცხლსასროლი პისტოლეტი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

მ.ხ.-ს მიმართ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

მ.გ.-ს მიმართ კი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მშვიდე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

მსგავსი თემები