“აგვისტოს ომი რუსეთთან შეთანხმებული ქმედება იყო” – გიორგი ხაინდრავა

საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და რეჟისორი, გიორგი ხაინდრავა დარწმუნებულია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი რუსეთთან შეთანხმებული ქმედება იყო.

როგორც გიორგი ხაინდრავამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სწორედ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას ეკისრება აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა.

“მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ უტიაშვილი, სააკაშვილი, ბოკერია, ოქრუაშვილი, ბარამიძე, მერაბიშვილი და მთელი ეს დანაშაულებრივი ჯგუფი არამარტო დამნაშავეები, არამედ მოღალატეებიც არიან, რადგან აგვისტოს ომი რუსეთთან შეთანხმებული ქმედება იყო.

ამის დამადასტურებლად შემიძლია მოგიყვანოთ ერთ-ერთი ფაქტი. 2008 წლის ივლისში, ისევე როგორც 2006-2007 წლის ივლისში ჩრდილოეთ კავკასიაში, ცხინვალის რეგიონთან მიმდინარეობდა სამხედრო წვრთნები, რომელსაც „კავკაზ 2008“ ერქვა. რუსულ სამხედრო გაზეთში „წითელი ვარსკვლავი“, პირდაპირ იყო ნაჩვენები, არა მარტო ამ ოპერაციის მსვლელობა, არამედ მიმართულებები, თუ საიდან უნდა შემოსულიყო რუსული ჯარი საქართველოში და როგორ უნდა განეხორციელებინა ანექსია. ზუსტად ამ გეგმით იმოქმედა სამხედრო მანქანამ, რუსეთის “58 არმიამ”, რომელიც დღის მეორე ნახევარში, 8 აგვისტოს შემოვიდა საქართველში და განახორციელა ის, რაც ჩაფიქრებული ჰქონდა რუსეთს.

რუსეთი დიდი ხნის განმავლობაში ელოდებოდა შესაძლებლობას, რომელიც მათ სააკაშვილმა, ალასანიამ, გრიგოლ ვაშაძემ და იმ უშიშროების საბჭომ მისცა, რომელმაც მიიღო ცეცხლის გახსნის გადაწყვეტილება”, – განაცხადა ხაინდრავამ “მედიაცენტრ მთავარში”.

ყოფილი მინისტრის განმარტებით, ცხინვალში ცეცხლის გახსნის ბრძანება მიხეილ სააკაშვილმა გასცა, რაც არაერთ დოკუმენტშია აღნიშნული.

“ამ დამნაშავე სააკაშვილმა გასცა ბრძანება და გამთენიას ცეცხლი გაუხსნეს ცხინვალის მოსახლეობას. ეს ფაქტი დაფიქსირებულია ევროსაბჭოსა და ეუთოს მიერ, რომელსაც ხელს “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებიც აწერენ. ამით მათ დაადასტურეს, რომ 7 აგვისტოს, გამთენიისას ცეცხლი გახსნეს მიხეილ სააკაშვილის ბრძანებთ; ამას ადასტურებს სააკაშვილის გამოსვლა იმავე დღეს, შემდგომ რვაში; პარლამენტის დადგენილება, სადაც წერია, რომ 8 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში შემოვიდნენ რუსი სამხედროები.

მანამდე, სააკაშვილმა განაცხადა, რომ სეპარატისტების მიერ გახსნილი ცეცხლის საპირისპიროდ ჩვენ გავხსენით ცეცხლი და გადავედით შეტევაზე. პრაქტიკულად, გვირაბამდე იყო ქართული საჯარისო შენაერთები მისული. ქაოტური მოქმედებით, დაახლოებით, 4 000 კაცი შეიყვანეს ცხინვალის ქუჩებში. რისთვის გააკეთეს ეს, დღემდე არავინ იცის”, – განაცხადა გიორგი ხაინდრავამ “მედიაცენტრ მთავარში”

​გიორგი ხაინდრავა საზოგადოებას ჰპირდება, რომ ჩატარდება გამოძიება და ამ დანაშაულებრივი ქმედების გამო, უმკაცრესად დაისჯებიან დამნაშავეები.

“აუცილებლად უნდა ჩატარდეს და მე საზოგადოებას ვპირდები, რომ ჩატარდება გამოძიება, იმ დანაშაულებრივი ქმედების გამო, რომელიც განხორციელდა სააკაშვილის ხელისუფლების მიერ და ისინი უმკაცრესად დაისჯებიან ქართული კანონებით, ქართველი ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის”, – აცხადებს ყოფილი მინისტრი.

“ომს იწყებს ის, ვინც მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე შედის სამხედრო შენაერთებით. საქართველო არასდროს შესულა რუსეთის ტერიტორიაზე. აგრესორიც, ოკუპანტიც და ანექსორიც არის რუსეთი”, – დასძინა გიორგი ხაინდრავამ.

მსგავსი თემები