“ახლა დაისვენონ და 2020-ის არჩევნებისკენ მოემზადონ” – დეპუტატი ოპოზიციაზე

​​პარლამენტის დეპუტატი, ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე ოპოზიციას მოუწოდებს დაისვენონ და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოემზადონ, რადგან არჩევნებზე ისეთი შედეგი დადგება, რა განწყობაც იქნება ხალხში.

როგორც სიმონ ნოზაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა ცხადყო, რომ მოსახლეობას აქვს გავლენა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. მეორე მხრივ, ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობა არ არსებობს და  უკეთესი იქნება საზოგადოებამ დაისვენოს.

მისივე თქმით, ​ოპოზიცია საზოგადოებას ხელისუფლებასთან საუბრის აგრესიულ ფორმას სთავაზობს, რაც გამოსჭვივის მათ ყველა ქმედებასა და განცხადებებში.

“უკეთესი იქნება საზოგადოებამ, ამ არჩევნებისგან დაისვენოს. მოემზადონ 2020 წლის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებისთვის. არ არის ქვეყანაში ისეთი ვითარება, რომ მოსახლეობას არ ჰქონდე გავლენა არჩევნებზე, ეს პირველმა ტურმაც გვაჩვენა, რომ ყველაფერი დამოკიდებულია ამომრჩევლის განწყობაზე, მის დამოკიდებულებაზე. როგორი განწყობაც იქნება ხალხში 2020 წელს, ისეთი შედეგი დადგენა საპარლამენტო არჩევნებზეც. იქამდე უნდა მივიდეთ მშვიდად, საზოგადოებას დამშვიდება სჭირდება, როგორც გუშინ ქალბატონმა პრეზიდენტმაც ბრძანა. უნდა დავმშვიდდეთ ყველანი და დავხვეწოთ პოლიტიკურ კულტურა”, – განაცხადა სიმონ ნოზაძემ.

 

მსგავსი თემები