ახალქალაქში მე-13 საუკუნის სამლოცველო მეორედ დაარბიეს

მე-13 საუკუნის სამლოცველო სოფელ ხულგუმოში ადგილობრივებს დღეს მძიმე მდგომარეობაში დახვდათ. დაზიანებული ხატები, ძირს დაყრილი საეკლესიო ნივთები და დამსხვრეული ინვენტარი სამლოცველოში შესულმა მოქალაქეებმა დილით ნახეს და დასახმარებლად პოლიციას მიმართეს. 

სამართალდამცველები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან ექსპერტ-კრიმინალისტებთან ერთად გამოჩნდნენ. თითქმის 8 საუკუნოვანი ძეგლი, რომელშიც როგორც მართლმადიდებლები, ისე გრიგორიანელები და კათოლიკეებიც ლოცულობენ, წელს უკვე მეორედ დააზიანეს. პირველი შემთხვევა აპრილში მოხდა და დამნაშავე პოლიციას არ უპოვია.

სომხური სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენელი, რომელიც დღეს ადგილზე იყო მისული და ვანდალური აქტის შედეგები საკუთარი თვალით იხილა, ამბობს, რომ სამლოცველო, სავარაუდოდ, იმავე პირმა დაარბია, რომელმაც ეს ნახევარი წლის წინ ჩაიდინა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში აცხადებენ, რომ სამლოცველოში ხატებისა და საეკლესიო ნივთების დაზიანება, შესაძლოა, რელიგიური შუღლით იყოს გამოწვეული.

დარბეულ ეკლესიაში ვითარების ადგილზე შესასწავლად იმყოფებოდა რელიგიის სააგენტოს წარმომადგენელიც. უწყებაში არ გამორიცხავენ, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლში ვანდალური აქტი სპეციალურად განახორციელეს. ზაზა ვაშაყმაძის თქმით, დანაშაული შესაძლოა, ქართულ ეკლესიაში მიმდინარე პროცესებსაც უკავშირდებოდეს.

სამლოცველოს დარბევასთან დაკავშირებით, ახალქალაქის პოლიციის განყოფილებაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც “კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ან სხვა კულტურული მემკვიდრეობის განზრახ დაზიანებას ან განადგურებას” გულისხმობს. ქმედება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

მსგავსი თემები