“ახალი შემთხვევების მხრივაც, საქართველო ევროპაში არის ყველაზე უკეთეს მდგომარეობაში” – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის იფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევები კვლავ მზარდია, ხოლო საქართველო პრაქტიკულად ყველა მაჩვენებელით ევროპაში საუკეთესოა.

„მსოფლიოში რაოდენობა არა თუ არ იკლებს, არამედ იმატებს. მართალია, ცალკეულ ქვეყანაში იკლებს, მაგრამ ჯამში უფრო იმატებს, ვიდრე იკლებს. თქვენ იცით, რომ საქართველო პრაქტიკულად ყველა მაჩვენებელით ევროპაში საუკეთესოა. მას ჰყავს ყველაზე ნაკლები „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული ერთ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით და ყველაზე ნაკლები გარდაცვლილი, გარდაცვალების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი პროცენტია – 1.6.

ახალი შემთხვევების მხრივაც, საქართველო ევროპაში არის ყველაზე უკეთეს მდგომარეობაში. სულ სამი, ორი, ოთხი ახალი შემთვევაა, ანუ ერთნიშნა რიცხვით. დღევანდელი მონაცემებით ევროპაში ხომ საუკეთესოა და ახალი შემთხვევების მხრივ მსოფლიოში 123-ე ადგილზეა. ანუ, პრაქტიკულად არა მარტო ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სიტუაცია გვაქვს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ცერცვაძის განმარტებით, სწორედ ამგვარი მონაცემების შედეგი იყო ის, რომ ევროკავშირმა საქართველო 15 უსაფრთხო ქვეყანას შორის შეიყვანა.

„ამის შედეგი იყო ის, რომ ევროკავშირმა საქართველო შეიყვანა იმ 15 ქვეყანას შორის, რომელიც ჩაითვალა უსაფრთხოდ და მიეცა რეკომენდაცია ქვეყნებს, რომ საქართველოსთან გახსნან მიმოსვლა და საზღვრები“, – აღნიშნა ცერცვაძემ.

თუმცა, ცერცვაძის თქმით, მიღწეულ შედეგს შენარჩუნება სჭირდება.

„რამდენადაც ძნელი იყო ამის მიღწევა, უფრო ძნელი იქნება ხელახლა ამის მიღწევა. თუ ჩვენ დავუშვებთ შეცდომებს, ხელიდან გავუშვებთ კონტროლის სადავეებს და დავუშვებთ იმას, რომ „კოვიდ-19“-ის შემთხვევებმა ჩვენთან მოიმატოს, მერწმუნეთ, განმეორებით იგივე გზის გავლა იქნება გაცილებით უფრო ძნელი და მტკივნეული, ვიდრე იმის შენარჩუნება, რაც ახლა გვაქვს.

ამიტომ, საქართველოს მთავრობის, ჯანდაცვის სამინისტროსა და ყველა შესაბამისი სტრუქტურის მთელი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული იქით, რომ შევინარჩუნოთ ის, რაც გვაქვს და არ ჩავატაროთ სარისკო ექსპერიმენტები“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი თემები