ახალი რეგულაციით,დამრღვევი დაჯარიმდება და ბუნებრივი აირი შუწყდება

 ენერგოომბუდსმენის სალომე ვარდიაშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში, საცხოვრებელ ბინებში მომხდარი აფეთქებების მიზეზი, არასწორად დამონტაჟებული გამათბობელია.

ენერგო ომბუდსმენმა “მედიაცენტრ მთავართან” საუბრისას, მოსახლეობას მოუწოდა, ზამთრის დადგომამდე, შიდა ქსელები სერთიფიცირებულ სპეციალისტებს შეამოწმებინონ.

“ზოგიერთი მომხმარებელი მიმართავს თვითშემოქმედებას, რაც გულისხმობს იმას, რომ თვითონ დაამონტაჟოს გამათბობელი, დემონტაჟი გაუკეთოს, შეცვალოს და გადაანაცვლოს მილები ისე, რომ ამაში სპეციალისტები არ დაიხმაროს, ან დაიხმაროს ვითომ სპეციალისტები, რომლებმაც საქმე არ იციან. შიდა დაქსელვას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ეს არ არის ის თემა, რომელიც უნდა გადავდოთ და ვთქვათ, რომ არაუშავს, როგორც გააკეთებენ გააკეთებენ ამით არაფერი დაშავდება,” – განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა.

ომბუდსმენის განცხადებით, პირს, რომელსაც, საცხოვრებელ ბინაში, არ ექნება შიდა ქსელები სერთიფიცირებული სპეციალისტების მიერ შემოწმებული და გაზის დეტექტორი დაყენებული, საჯარიმო სანქცია დაეკისრება და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში გაზის მიწოდება შეუწყდება. 

„საკანონმდებლო  რეგულაციებზე მუშაობა მიმდინარეობს. ამაში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანო ჩართულია. რეგულაციის პროექტი მალე მზად იქნება. ერთ-ერთი საკითხი, რომელიც კანონმდებლობით მოწესრიგდება არის ის, რომ ვერც ერთი კომპანია, სერთიფიცირებული სპეციალისტის გარეშე ვერ იმუშავებს;  მეორე –  აუცილებელი და სავალდებულო იქნება გაზის დეტექტორების დაყენება; მესამე – დარღვევებზე სანქციები გამკაცრდება. კერძოდ, პასუხისმგებლობა თავად მოქალაქეებს დაეკისრებათ. იქნება საჯარიმო სანქციები, თუმცა, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ასეთი მოქალაქეების გაზმომარაგების ქსელიდან ჩაიხსნებიან და ბუნებრივ აირს ვერ მიიღებენ“, – განუცხადა ენერგო ომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“.  

საკანონმდებლო რეგულაციები წლის ბოლომდე ამოქმედდება, თუმცა, ჩამოთვლილი პუნქტების გარდა, მასში სხვა, ათეულობით ნორმა შევა.

მსგავსი თემები