ახალი მშენებლობების უმეტესობა დიდი რისკის ქვეშ მიმდინარეობს – თეა გოდოლაძე  

„დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი თეა გოდოლაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში მიმდინარე მშენებლობების უმეტესობა დიდი რისკის ქვეშ მიმდინარეობს, რადგან ხშირად, ადგილი აქვს გეოტექნიკური დასკვნების გაყალბებას. არის შემთხვევები, როდესაც მენაშენეები რისკზე მიდიან, იმის გამო, რომ კვლევების ჩატარება ზედმეტ ხარჯად მიაჩნიათ. რეალურად, ის რაც სეისმურ უსაფრთხოებაზე უნდა დაიხარჯოს, შენობის სრული ღირებულების 20% -ია.

როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე თეა გოდოლაძემ განაცხადა, დასახვეწია რეგულაციები, რომლებიც თანამედროვე, ევროპულ სტანდარტებზე უნდა იყოს მორგებული. როცა კონკრეტული ტერიტორიის შესახებ სეისმოლოგები და გეოტექნიკოსები მშენებელს აძლევენ ინფორმაციას, ის ვალდებულია გაითვალისწინოს, რათა შენობა იყოს აგებული იმის მიხედვით, რა დატვირთვაც ექნება გრუნტს მიწისძვრის დროს, რომ ნაგებობამ სტიქიურ მოვლენას გაუძლოს. ეს არის თანამედროვე მიდგომა.

გოდოლაძის თქმით, მიწისძვრის წინასწარი პროგნოზი ძირითადად ვერ კეთდება. ამაზე განვითარებული ქვეყნებიც ამბობენ, რომ ეს აღარ არის მათი პოლიტიკის პრიორიტეტი, ეს სუფთა სამეცნიერო პრიორიტეტია. ამიტომ, მათთვის პრიორიტეტია სამშენებლო ინფრასტრუქტურის, ანუ მშენებლობის დარგის განვითარება. თუ მშენებელმა ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინა, რა საფრთხეა კონკრეტულ ტერიტორიაზე მოსალოდნელი, მიწისძვრა პრობლემას ვერ შექმნის. არადა, პრობლემა ის არის, რომ მშენებლის ნება-სურვილზეა დამოკიდებული გაითვალისწინებს თუ არა რისკებსა და საფრთხეებს.

“სეისმოლოგების პროფესიული დევიზია, რომ ადამიანს კლავს არა ​მიწისძვრა, არამედ მის მიერვე აშენებული შენობა და ინფრასტრუქტურა. პრობლემაა გვირაბიც, ხიდიც, და ა.შ. სეისმური კუთხით თუ გრუნტი საშუალებას გაძლევს შენება ყველგან შეიძლება. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მიმდინარე მშენებლობები არ არის სეისმურად მდგრადი. პრობლემაა საკადრო შიმშილიც, არ არსებობს კვალიფიციური კადრები. რამდენჯერმე ითქვა, რომ ყალბდება გეოტექნიკური დასკვნები, რომლებიც მოიცავს როგორც გეოლოგიურ, ასევე სეისმურ კვლევებს, ყველაფერი ეს ერთიან პაკეტში განიხილება, ყოველთვის ერთიანი სურათი უნდა დაინახოთ იმისთვის, რომ შენობა იყოს მდგრადი. თუ კვლევას ატარებენ არაკვალიფიციური ადამიანები ის საფრთხის შემცველია. ასეთ კვლევებზე დაყრდნობით ხდება შენობის გათვლა და მშენებელი ვეღარ აშენებს სწორად. ნებისმიერ კომპანიას სურს, რომ მისი შენობა იყოს უსაფრთხო. ამაზე უნდა საუბრობდნენ სპეციალისტები. სამშენებლო სექტორშიც პრობლემებია”, – აცხადებს თეა გოდოლაძე.

​მისივე თქმით, არის შემთხვევები, როდესაც სამშენებლო კომპანიებმა იციან საშიში ზონის შესახებ, მაგრამ მაინც მიდიან რისკზე. თუმცა, არიან კომპანიები, რომლებიც ითხოვენ კვალიფიციურ კვლევებს, რომ მათი ნაგებობა იყოს მყარი და ყველა პრობლემა გაითვალისწინონ.

მსგავსი თემები