„ახალი დე ფაქტო არჩევნები, რუსეთი აფხაზეთს სხვა გადაწყვეტილებას არ მიაღებინებს“ – ჯემალ გამახარია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია აცხადებს, რომ რუსეთი აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებას თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობას არ მისცემს და პროცესები დე ფაქტო არჩევნებისკენ წავა. აღნიშნულ თემაზე ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.

„ერთ-ერთი მიზეზი, რამაც აფხაზეთში ბაკქანალია შექმნა, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებია, რომელსაც აპროტესტებენ. იქაური სასამართლო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. ეს რომ გააკეთოს და არჩევნები ლეგიტიმურად ჩათვალოს, ამით პირდაპირ რუსეთს დაარტყამს. რუსეთი კი მათ მსგავს გადაწყვეტილებას არ მიაღებინებს. ამიტომ, იქნება ახალი დე ფაქტო არჩევნები“ – განაცხადა ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში“.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ ყველა, ვინც აფხაზეთში ე.წ. პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდება, რუსეთის კაცია: „რუსეთის გარეშე, იქ ე.წ. ხელისუფების სათავეში ვერ მოვა. თავს ნუ მოვიტყუებთ, ყველა, ვინც იქ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდება, რუსეთის კაცია, ზოგი შეიძლება უკეთესი იყოს, ზოგიც უარესი. ოპოზიციაც კი რუსეთის მიერაა მართული. პრო ქართული მიმართულების ადამიანი, იქ პოლიტიკაშ ვერ გამოჩნდება. რუსეთს სურს ხაჯიმბა, მაგრამ, თუ ის ხელისუფლებას ვერ ინარჩუნებს, არაფრად უღირს ხაჯიმბა. რუსეთს მას სჭირდება აფხაზეთი და არა ხაჯიმბა“.

მსგავსი თემები