ახალი ავტობუსები მგზავრებს დილიდან ემსახურება

MAN-ის მარკის ახალი, 10-მეტრიანი მუნიციპალური ავტობუსები N85 და N95 მარშრუტების მგზავრებს დღეიდან მოემსახურებიან. მწვანე ფერის 50 ავტობუსი ხუთ მარშრუტზე, მათ შორის, მუხიანის დასახლების, ვარკეთილისა და ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის მიმართულებით გადანაწილდა.

მუხიანის დასახლებიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრავ N95 მარშრუტზე რვა ავტობუსი, ხოლო N85 მარშრუტზე, რომელიც ვაკე-საბურთალოს წრიულად ემსახურება, ოთხი ავტობუსი გადანაწილდა.

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ N95 სამარშრუტო ხაზზე მოძრავი ახალი ავტობუსით იმგზავრა, მოქალაქეებს გაესაუბრა და მათგან ქალაქში გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

“ამ ყველაფრის შედეგად, არსებული ყვითელი ავტობუსების პარკის ჩანაცვლებას შეძლებთ, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ყვითელ ავტობუსებს ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს. შესაბამისად, საჭიროა სიახლე, მეტი კომფორტი, რათა მოქალაქეებმა გადაადგილება უპრობლემოდ შეძლონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

23 მაისიდან ახალი ავტობუსებით ჩანაცვლდება N50, N55 და N71 მარშრუტებზე მოძრავი, მოძველებული ტრანსპორტიც. N50-ზე – რვა ერთეული, N55-ზე – ათი ერთეული და N71-ზე – ცხრა ერთეული ავტობუსი იმოძრავებს. სამივე მარშრუტი დედაქალაქის გარეუბნებს ბარათაშვილის ქუჩასთან აკავშირებს: N50 ვაზისუბნიდან, N55 – წმ. ბარბარეს უბნიდან, ხოლო N71 – ვარკეთილიდან მოძრაობს.

აღსანიშნავია, რომ სამივე მარშრუტი მცირედით შეიცვლება: ისინი გორგასალის ქუჩიდან კოტე აფხაზის (ყოფ. ლესელიძის) ქუჩაზე აუხვევენ, თავისუფლების მოედანს გაივლიან და ბარათაშვილის ქუჩაზე, „კონკასთან“ გაჩერდებიან. ამასთანავე, აფხაზის ქუჩაზე ავტობუსების გაჩერებები განისაზღვრება.

თბილისისთვის 90-ვე ავტობუსის მიწოდების შემდეგ, ევრო 6-ის სტანდარტის ავტობუსები ასევე, N3, N15, N33, N54 და N79 მარშრუტებზე გადანაწილდებიან.

მსგავსი თემები